Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილი არცერთი თეთრის მომტანი არ არის


ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თანახმად, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თანხის მოძიება არ შეუძლია და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით მისი მოქმედება ქვეყნის იმიჯს დააზიანებს:

„სააკაშვილი რომ არცერთი თეთრის მომტანი არ არის - ეს ყველამ კარგად ვიცით. ის კლოუნადით არის დაკავებული, მას არც თანხის მოძიება შეუძლია და, მეტიც, მისი წარმომადგენლობა, საქართველოს სახელით მოქმედება ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იმიჯის შემლახავია, რამდენადაც მას სერიოზულად არავინ აღიქვამს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი განმარტებით, გარკვეული ოპოზიციური ძალები მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, პოპულიზმსა და მანიპულაციაზე არიან გადასულები მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ 3 მილიარდის მობილიზება შეძლო:

„რაც მთავრობამ იმუშავა და სამი მილიარდის მობილიზება შეძლო, ფაქტობრივად, სხვა არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია, ამასაც შეიძლება მისი [მიხეილ სააკაშვილის] მოქმედებით და ხშირ შემთხვევაში, მავნებლური განცხადებებით, საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, ბუნებრივია, აქ ხელისუფლება დროულად მოქმედებს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა, დაეხმაროს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად უცხოური დახმარებების მობილიზებაში. ტელეკომპანია მთავარის ეთერში, 19 აპრილს, მან საქართველოს მთავრობას მიმართა, მისცეს ქვეყნის დროებითი წარმომადგენლის სტატუსი:

"მოდით, იურიდიულ კამათზე შემოდგომამდე დავაწესოთ მორატორიუმი, მომეცით საქართველოს ხელისუფლების დროებითი წარმომადგენლის სტატუსი, დამახმარეთ საელჩოები და მათი ოფიციალური პირები და გპირდებით, იმდენ დახმარებას ჩამოვიტან, რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს. მე ეს ერთხელ უკვე გავაკეთე და კიდევ შემიძლია გავაკეთო.

მომენატრა ჩემი ერისთვის რაიმის გაკეთება და ახლა ამის საჭიროება არის, ფიზიკური გადარჩენის საფრთხის წინაშე ვართ. ახლა საქართველოსკენ დიდი შიმშილის, დიდი გაჭირვების ტალღა მოდის და ეს რომ ავიცილოთ, მომეცით სტატუსი და დახმარების საშუალება", - მიხეილ სააკაშვილმა 19 აპრილს ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადაცემაში. მან "მთავარ აქცენტებში" განაცხადა, რომ 5,5 მილიარდის მობილიზება შეუძლია.

"თუ ხუთ-ნახევარ მილიარდს არ ჩამოვიტან, იმდენს ჩამოვიტან დახმარებას, რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს", - აღნიშნა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG