Accessibility links

იტალიაში პანდემიის გამო მუშახელის ნაკლებობა იწვევს შიშებს მაფიის მხრიდან ექსპლუატაციაზე


იტალიის ფერმებში მაფიის მხრიდან იმიგრანტების ექსპლუატაცია სავარაუდოდ მოიმატებს, რადგან კორონავირუსთან ბრძოლის გამო დაწესებული შეზღუდვები მუშახელის ნაკლებობას იწვევს - სააგენტო როიტერსის თანახმად, ასეთი გაფრთხილებით გამოდიან იტალიის მთავრობა და უფლებადამცველი ჯგუფები.

იტალია, როგორც წესი, მოსავლის მოწევის თვალსაზრისით დამოკიდებულია 370,000 უცხოელ მუშაზე, მაგრამ პანდემიის გამო მგზავრობაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა ეს შეუძლებელი გახადა, რამაც ქვეყნის პროდუქციის მეოთხედის ბედი კითხვის ქვეშ დააყენა - იუწყება ფერმერთა ასოციაცია Coldiretti.

ამის გამო აღიძრა შიშები, რომ ბანდები დაიწყებენ იტალიაში დოკუმენტების გარეშე მყოფი მიგრანტების გამოყენებას იაფ მუშახელად - რაც დამკვიდრებული, მაგრამ უკანონო პრაქტიკაა, რომელსაც "caporalato"-ს უწოდებენ და რომელსაც გაეროს ერთ-ერთი ექსპერტი თანამედროვე მონობას უწოდებს - იუწყება როიტერსი.

"მოცემულ მომენტში... მაფიისთვის ადგილი იქნება იტალიაში მყოფი ხალხის ზოგიერთი ჯგუფის [ფერმებზე] სამუშაოდ გამოყენება, მაგალითად დოკუმენტების გარეშე მცხოვრები მიგრანტების" - როიტერსის თანახმად, ამ განცხადებით გამოვიდა კარმელო ტროკოლი, იტალიის ფერმერთა უმსხვილესი ასოციაციის, Coldiretti-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

"ჩვენ ძლიერად ვებრძვით ასეთ დანაშაულს იტალიაში, რადგან ის ყველა ფერმერს ეხება - სამხრეთშიც, ცენტრშიც და ჩრდილოეთშიც" - ეუბნება ტროკოლი როიტერსს.

სააგენტოს ცნობით, ტროკოლის მხედველობაში აქვს სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი მაფია - ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფები, რომლებიც, ტროკოლის თქმით, ადგენენ მოსავლის ფასებს, მენეჯმენტს უწევენ ტრანსპორტაციას, აკონტროლებენ სუპერმარკეტების მთელ ჯაჭვებს და ყოველწლიურად 24,5 მილიარდი ევროს მოცულობის ბრუნვა აქვთ.

იტალიაში დოკუმენტების გარეშე ცხოვრობს 600,000-მდე მიგრანტი, ძირითადად აფრიკის ქვეყნებიდან და ისინი ადვილად შეიძლება გახდენენ ამგვარი ექსპლუატაციის მსხვერპლნი - ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტერეზა ბელანოვა, რომელიც გამოდის მოწოდებით მიგრანტების ნაწილის რეგულარიზაციაზე, რათა მათ კანონიერად შესძლონ მუშაობა.

იმის გამო, რომ იტალიაში ცხოვრების და მუშაობის უფლება არ აქვთ, ბევრი მიგრანტი თავს იკავებს დახმარებისთვის ხელისუფლებასთან დაკავშირებისგან.

თუ სახელმწიფო ამ ხალხზე პასუხისმგებლობას არ აიღებს, საქმეში ორგანიზებული დანაშაული ჩაერევაო, უთხრა ბელანოვამ იტალიის სენატს გასულ კვირაში.

მიმდინარე თვეში ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა ათზე მეტი არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაცია, მათ შორის Action Aid-ი და Caritas Italiana.

"caporalato" სისტემის პირობებში, რომელიც იტალიაში უკვე ათწლეულებია მოქმედებს, მიგრანტები ხანგრძლივ საათებს ატარებენ მუშაობაში, სახელმწიფო მინიმუმად მიჩნეულ ჯამაგირზე ნაკლებ თანხებად და ისინი ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან - აცხადებდა იტალიის ფერმერთა გაერთიანება 2018 წელს.

ამგვარი პირობები ჰგავს "თანამედროვე მონობას" - განაცხადა ჰილალ ელვერმა, გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა საკვების უფლების საკითხებში, მას შემდეგ, რაც 2020 წლის იანვარში იტალიას ეწვია.

იტალიის სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მუშახელის ნაკლებობის შევსება შესაძლებელია უმუშევარი იტალიელებით და აღმოსავლეთ ევროპასთან საგანგებო დერეფნების გახსნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG