Accessibility links

მოთხოვნის კოლაფსის ფონზე, ნავთობის ფასი უკიდურესად დაეცა და ნეგატიური გახდა


კორონავირუსის პანდემიის გამო, ენერგიაზე მოთხოვნის კოლაფსის ფონზე ნავთობის ფასი აშშ-ში ორშაბათს ისტორიაში პირველად ნულოვან ნიშნულს ჩამოსცდა, მოვაჭრეებს არ სურთ ნედლი ნავთობის ფლობა იმ პირობებში, როცა მისი შესანახი ადგილი არ არის.

NBC News-ი იუწყებოდა, რომ დასავლეთ ტეხასში მაისში მისაწოდებელი ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე ერთი ცენტი იყო, რაც ყველაზე დაბალია ისტორიაში.

სააგენტო ასოშიეიტედ პრესის თანახმად, ნეგატიურ ტერიტორიაზე ჩამოსვლა დიდწილად ტექნიკური მიზეზებითაა განპირობებული - მაისის მიწოდების კონტრაქტებს ვადა ეწურება, ვაჭრობის მოცულობის შემცირების პირობებში, რაც ხელს უწყობს მასშტაბურ ცვლილებებს. მაგრამ მიწოდებაზე ფასი სამომავლოდაც დაცემულია.

ნავთობზე მოთხოვნამ იმდენად დაიკლო, რომ ნედლი ნავთობის შესანახი სივრცეები თითქმის სავსეა. ეს ნიშნავს, რომ მწარმოებლები მყიდველებს უხდიან თანხას, რათა ნავთობისგან გათავისუფლდნენ.

ავზები შესაძლოა სამ კვირაში გადაივსოს - S&P Global Platts-ის ანალიტიკოსის, კრის მიდჯლის ამ სიტყვებს სააგენტო ასოშიეიტედ პრესი ავრცელებს.

კორონავირუსის პანდემიამ ძლიერი დარტყმა მიაყენა ეკონომიკურ აქტივობას მსოფლიოს გარშემო და ძალიან შეამცირა ნავთობზე მოთხოვნა. მიმდინარე თვეში OPEC-მა და მისმა ნავთობის მაწარმოებელმა მოკავშირეებმა გააფორმეს ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს 1 მაისიდან ნავთობის წარმოების ყოველდღიურად 9.7 მილიონი ბარელით შემცირებას, თუმცა ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ეს არ იქნება საკმარისი დაცემული მოთხოვნის დასაბალანსებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG