Accessibility links

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება


საქართველოში დღეს, 21 აპრილს იწურება COVID-19-ის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად 21 მარტიდან გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჯერ კიდევ 14 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გასაგრძელებლად. პრეზიდენტის მიერ შესაბამისი დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პარლამენტი საგანგებო სესიის ფარგლებში 22 და 23 აპრილს შეიკრიბება და იმსჯელებს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე, ასევე, განიხილავს კანონპროექტებს და ხელშეკრულებებს, რომელიც პანდემიის პირობებში შექმნილი ვითარების გამო აუცილებელია.

საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად: "მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მომენტიდან. პარლამენტი გადაწყვეტილებას ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას".

"ქართული ოცნების" უმრავლესობისგან განსხვავებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების უპირობოდ მხარდაჭერას არ აპირებენ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციები. ოპოზიცია მთავრობისგან მოითხოვს კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას.

21 აპრილის 8:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 402 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 95 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 4 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG