Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანი: საქართველო მიესალმება, თუ რუსეთი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს


დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებებს საქართველოსთან ურთიერთობის, მათ შორის, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, საქართველო მხოლოდ მიესალმება, თუ რუსეთი ავიამიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს:

„როგორც საყოველთაოდ ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა რუსეთის მხარის გადაწყვეტილებით და, შესაბამისად, თუ ზოგადად მსოფლიოში რეგულარული ფრენების აღდგენის შემდგომ, რუსეთი შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას და აღადგენს ავიამიმოსვლას, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას, რადგან პირდაპირ ავიამიმოსვლის შეწყვეტა საგრძნობლად ურთულებს ცხოვრებას ჩვენს ათასობით მოქალაქეს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრობს და არც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე აისახება დადებითად“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში არც ამ გადაწყვეტილების მიღების დროს და არც მას შემდეგ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, რასაც მილიონზე მეტი ვიზიტორი ადასტურებდა.

სერგეი ლავროვმა „გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვს იმედი აქვს, უახლოეს მომავალში მოაგვარებს საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს:

„ჩვენთვის მთავარია, რომ თბილისში რუსოფობიური კამპანია არ გაიზარდოს, დასრულდეს ისეთი ექსცესები, რომელსაც თბილისში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეაზე ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა ვიდეოკონფერენციაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG