Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი თავს იკავებს აღმოსავლეთის პარტნიორების სწრაფვის აღიარებისგან და შეშფოთებულია სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შედეგებით


ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ არიან ერთ აზრზე იმის შესახებ, აღიარონ თუ არა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების სწრაფვა გაწევრიანებისკენ და შეშფოთებული არიან უკვე განხორციელებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზების შედეგების გამო, რაც ჩანს დოკუმენტიდან, რომელმაც გამოჟონა და რომელიც რადიო თავისუფლებას აქვს ხელთ.

ამ დოკუმენტის გარშემო უნდა იმსჯელოს ევროპის კავშირის საბჭოს წევრმა 27-მა ქვეყანამ.

დოკუმენტი პასუხია მარტში ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ კომუნიკეზე, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობას ეხებოდა, და რომელიც დამტკიცდება მომავალ დღეებში.

აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა 2009 წელს დამტკიცდა ევროკავშირთან აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის, ისევე როგორც ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის დაახლოების მიზნით, მაგრამ მომავალი წევრობის მკაფიო შეთავაზების გარეშე.

საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ მას მერე ევროკავშირთან გააფორმეს ასოცირების შესახებ ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით, მაგრამ ზოგიერთი წევრები ყოყმანობდნენ ამ ქვეყნების შესაძლო გაწევრიანების თემის ღიად განხილვაზე.

ამ პროგრამის მძაფრი მოწინააღმდეგეა რუსეთი, რომელიც თვლის, რომ ევროკავშირთან თავისი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორების ახლო ურთიერთობა ზიანს აყენებს მის ინტერესებს.

ხსენებულ დოკუმენტში ზოგიერთი ფრაზა ფრჩხილებშია ჩასმული, რაც ნიშნავს, რომ ამ ფორმულირების გარშემო არ არის საბოლოო შეთანხმება მიღწეული.

ევროკავშირის მოხელემ რადიო თავისუფლებას ამცნო, ისე, რომ ვინაობის გამხელა არ ისურვა, რომ საფრანგეთი, რომელსაც მხარს უჭერენ ზოგიერთი ქვეყნები ევროპის სამხრეთში, მოითხოვდა შემდეგი ფრაზის ფრთხილებში ჩასმას: „საბჭო აღიარებს აღმოსავლეთის პარტნიორობის შესაბამისი ქვენების ევროპისკენ სწრაფვას და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ფორმულირებულია ასოცირების შეთანხმებაში“.

თუმცა აღნიშნულმა წყარომ განაცხადა, რომ მოელის, რომ საფრანგეთი უკან დაიხევს, რადგან ეს წინადადება უკვე რამდენიმე წელია გამოხატავს აღიარების ევროკავშირისეულ სტანდარტს, რომ მომავალში ეს სახელმწიფოები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, შეიძლება გახდნენ წევრები.

დოკუმენტიდან ასევე ჩანს, რომ საბჭოს წევრები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გაუქმების შესაძლებლობას ერთხმად ეთანხმებიან.

მართალია, გაუქმება არ არის დაგეგმილი, დოკუმენტის თანახმად, წევრი ქვეყნები „აღნიშნავენ, რომ შეშფოთების მიზეზს იძლევა ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეთა დიდი რაოდენობა ითხოვს დაუსაბუთებლად თავშესაფარს ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებში“.

გერმანიამ და შვედეთმა წარსულში გამოთქვეს საჩივარი, რომ დამნაშავეობრივი ჯგუფები საქართველოდან იყენებდნენ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, რათა ამ ქვეყნებში ბინები ეძარცვათ.

ამ დოკუმენტს განიხილავენ მაშინ, როცა ევროპის პარლამენტში აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ ანგარიშის პროექტზე მსჯელობენ.

ამ იურიდიული ძალის არმქონე პროექტს უფრო ამბიციურ მიზნები აქვს, ვიდრე საბჭოს დოკუმენტს. მასში ლაპარაკია ევროკავშირსა და ექვს ქვეყანას შორის საერთო-ეკონომიკური სივრცის შექმნაზე, ასევე ევროკავშირის ენერგოკავშირში, სატრანსპორტო სივრცესა და საერთო-ციფრულ ბაზარში ამ ქვეყნების ეტაპობრივ ჩართვაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG