Accessibility links

დავით ზალკალიანი: რუსეთთან სავაჭრო წარმომადგენლობა არ გაიხსნება


დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო რუსეთთან სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნის საკითხს არ განიხილავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პასუხად, მან განმარტა, რომ ამ ფორმას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და, შესაბამისად, სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა რუსეთ-საქართველოს შორის ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში უნდა გაგრძელდეს:

„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია თბილისსა და მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოების შემადგენლობაში არსებული საქართველოსა და რუსეთის ინტერესების სექციების პოტენციალის გამოყენებაც“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეთავაზების შემთხვევაში, რუსეთი მზად არის საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობაც გახსნას.

სერგეი ლავროვმა აღნიშნულ ვიდეოკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს, მაგრამ იმის გამო, რომ ურთიერთობების შეწყვეტის ინიციატორი თავად არ ყოფილა, „ალბათ, უნდა დაველოდოთ, როცა ქართველი კოლეგები ამ საკითხამდე მივლენ“.

სერგეი ლავროვმა „გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა ისიც, რომ მოსკოვს იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში მოაგვარებს საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს.

„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზეც კომენტარი არაერთხელ გაკეთებულა. საქართველოს ხელისუფლებისათვის მიუღებელია სამი საელჩო ქვეყნის ტერიტორიაზე და საკითხის განხილვაც კი გამორიცხულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების კუთხით ხელშესახები პროგრესის, ანუ დეოკუპაციის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯების გარეშე“, - ასე უპასუხა სერგეი ლავროვს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლის განახლების შესაძლებლობას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ავიამიმოსვლის შეწყვეტა რუსეთის გადაწყვეტილება იყო და საქართველო მხოლოდ მიესალმება, თუ რუსეთი გადაწყვეტილებას შეცვლის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG