Accessibility links

ვინ და რატომ აპროტესტებს საგანგებო ზომებს აშშ-ში


ამერიკის ათზე მეტ შტატში საპროტესტო აქციები იმართება კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მიღებული საგანგებო ზომების წინააღმდეგ.

აქციები სხვადასხვა ზომისა და მასშტაბისაა - ვირჯინიასა და ორეგონში რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, მიჩიგანსა და ვაშინგტონის შტატში კი - ათასობით. ზოგან დემონსტრაციებს კონტრაქციები ახლავს თან - კოლორადოში, მაგალითად, საგანგებო ზომების მოწინააღმდეგეებს ჯანდაცვის სფეროს რამდენიმე თანამშრომელი დაუპირისპირდა.

აქციების მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის - მათი შეფასებით, ადამიანის უფლებების შელახვის - წინააღმდეგ გამოდიან. არაერთ აქციაში მონაწილეობდნენ იარაღის მფლობელთა უფლებების დამცველებიც, რომლებიც შეკრებაზე შეიარაღებულნი მივიდნენ.

აქციის ზოგი მონაწილისათვის კი მთავარი საზრუნავი ადგილობრივი ეკონომიკისათვის მიყენებული ზარალია. პროტესტის სამიზნე ძირითადად შტატების გუბერნატორები (ზოგი დემოკრატი, ზოგიც - რესპუბლიკელი) არიან, რომლებსაც შეკრებილები კორონავირუსზე გადაჭარბებულ რეაქციაში ადანაშაულებენ.

BBC-ს ცნობით, საპროტესტო აქციების ორგანიზატორები დიდწილად კოსერვატორები, ტრამპის მხარდამჭერები და იარაღის ტარების უფლების დამცველები არიან. აქციებზე ხშირად შეხვდებით ამერიკის პრეზიდენტის მხარდასაჭერ ბანერებს. აქა-იქ ჩანდნენ ულტრამემარჯვენე ჯგუფებიც - რამდენიმე დემონსტრაციაზე სვასტიკიანი ბანერებიც დაფიქსირდა. თუმცა, ზოგიერთი იქ მისული ამბობს, რომ არც ერთ ორგანიზაციას არ მიეკუთვნება და უბრალოდ მუშაობის გაგრძელება სურს - რისკის მიუხედავად.

თავად პრეზიდენტი ტრამპი საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ერთი შეხედვით ურთერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. ერთი მხრივ, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპობრივი, თანდათანობითი გეგმა, რომელიც სოციალური დისტანცირების შენარჩუნებას ითვალისწინებს. პარალელურად კი, პრეზიდენტმა ტვიტერზე მხარი დაუჭირა აქციის მონაწილეებს და რამდენიმე შტატის „გათავისუფლება“ მოითხოვა.

თუმცა, როგორც ჩანს, ამერიკელების დიდი უმეტესობა საპროტესტო სულისკვეთებას არ იზიარებს. Politico-ს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტი ემხრობა სოციალური დისტანცირების პოლიტიკის დასრულებას და ეკონომიკის ხელახლა ამუშავებას. NBC-ის გამოკითხვის შედეგები პროცენტულად განსხვავებული, თუმცა არსობრივად მსგავსია - ამ კვლევის თანახმად, ამერიკელების 60 პროცენტი ემხრობა შეზღუდვების გაგრძელებას კორონავირუსთან საბრძოლველად.

Vox-ი წერს, რომ გამოკითხვების შედეგები ამერიკელების გასაოცარ ერთიანობას აჩვენებს - როგორც წესი, რესპუბლიკელების და დემოკრატების მომხრეები ვერაფერზე რიგდებიან, ამ საკითხში კი ამერიკა თანხმდება - მათი აბსოლუტური უმეტესობა, პარტიულობის მიუხედავად, პანდემიასთან ბრძოლას ეკონომიკაზე ზრუნვაზე უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG