Accessibility links

COVID-19-ის მეორე ტალღა შესაძლოა უფრო მძიმე იყოს - აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი


წლის ბოლოს, ახალი კორონავირუსის პოტენციური მეორე ტალღა შესაძლოა უფრო მძიმე აღმოჩნდეს, რადგან იგი დაემთხვევა გრიპის სეზონს, წერს Washington Post-ი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელზე, რობერტ რედფილდზე დაყრდნობით.

"აშშ–ში წელს COVID-19– ის აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც სეზონური გრიპის მილევა დაიწყო. ორივეს ერთდროულად რომ დაერტყა, ვითარება იქნებოდა გაცილებით, გაცილებით რთული"- თქვა რობერტ რედფილდმა.

მისივე თქმით, ორი რესპირატორული დაავადების შესაძლო ერთდროული აფეთქება, კიდევ უფრო მეტად დაძაბავს აშშ-ის ჯანდაცვის სისტემას, ვიდრე ეს მოხდა მიმდინარე პანდემიისას, რომელიც სასუნთქი აპარატების, ტესტების ნაკრებებისა და პირადი დამცავი აღჭურვილობის უკმარისობით აღინიშნა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდო გახდება, „თუ დროულად აიცრებით გრიპზე, რაც საშუალებას მისცემს საავადმყოფოებს ჰქონდეთ საწოლები თქვენი დედისა და ბებიისთვის, თუ მათ კორონავირუსი შეეყარათ".

აშშ-ში ახალი კორონავირუსის პირველ ტალღას უკვე მოჰყვა 800 000-ზე მეტი ამერიკელის ინფიცირება, რომელთაგან 44 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG