Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტი იმიგრაციას 60 დღით აკრძალავს


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სავარაუდოდ, დღეს, 22 აპრილს მოაწერს ხელს განკარგულებას, რომლის თანახმად, აშშ-ში იმიგრაცია 60 დღით აიკრძალება.

აკრძალვა პირველ ყოვლისა, შეეხება უცხოელებს, რომლებსაც აშშ-ში მუდმივად ცხოვრების უფლების, „მწვანე ბარათის“ მიღება სურთ.

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, 21 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იმიგრანტებისგან ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვას.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა უმუშევრად დატოვა აშშ-ის მილიონობით მოქალაქე. მხოლოდ მარტში უმუშევრობის შემწეობისთვის სახელმწიფოს მიმართა 22 მილიონზე მეტმა ამერიკელმა.

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, უსამართლობა იქნება, რომ სამუშაო ადგილები შეავსონ უცხოეთიდან ჩამოსულმა ახალმა იმიგრანტებმა ნაცვლად ამერიკელებისა, რომლებმაც სამსახური დაკარგეს.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2019 წელს გასცა დაახლოებით 462 000 საიმიგრაციო ვიზა, რომელიც იმიგრანტებს მუდმივი ცხოვრების უფლების, „მწვანე ბარათის“ მიღების საშუალებას აძლევს. „მწვანე ბარათის“ მფლობელებს შეუძლიათ აშშ-ში ლეგალურად დასაქმდნენ და ხუთი წლის შემდეგ, მოქალაქეობაც ითხოვონ.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, იმიგრაციის აკრძალვის 60 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გადაწყვეტილებას გადახედავს და სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა, კიდევ ორი თვით გაახანგრძლივოს.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით დაავადების და გარდაცვალების შემთხვევებით. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 800 000-ს აჭარბებს. გარდაცვლილია 45 000-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG