Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იურიდიულმა კომიტეტმა განიხილა კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევის პროექტი


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტი.

კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 42-10 მუხლის სახით ჩამოყალიბდება ნორმა იზოლაციისა და კარატინის წესის დარღვევის შესახებ, როდესაც არ არის საგანგებო, საომარი მდგომარეობა. ასეთ შემთხვევაში, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის სანქცია ფიზიკური პირისთვის იქნება 2000-ლარიანი ჯარიმა, ხოლო იურიდიული პირისთვის - 10 000 ლარის მოცულობის ჯარიმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ცალკე შემოდის განმარტება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა, როცა კარანტინის და თვითიზოლაციის წესი საგანგებო, საომარი მდგომარების დროს ირღვევა.

„ეს რეჟიმი განსაზღვრული იქნება დეკრეტით მთავრობის დადგენილებით და ყველა ამ რეგულაციის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ასევე და, შესაბამისად, ფიზიკური და იურიდიული პირის პასუხისმგებლობას, თუმცა სანქციის მითითება ხდება პრეზიდენტის დეკრეტზე დაყრდნობით.

პრეზიდენტის დეკრეტი რასაც განსაზღვრავს, იმაზე დაყრდნობით მოხდება შემდგომშიც სამართალწარმოების დასრულება და წარმართვა“, - განმარტა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ანრი ოხანაშვილმა. მისი განმარტებით, ამ ნორმას დაარეგულირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-15 მუხლი.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, განსახილველად წარდგენილი პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელდება ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს კორონავირუსის გავრცელებისა და სხვა მსგავსი საფრთხეების პრევენციას და, შესაბამისად, საქართველოში მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG