Accessibility links

site logo site logo

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს განუმარტა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მიზეზები


მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელება აუცილებელია დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის შესანარჩუნებლად და ინფიცირების შემთხვევათა კლების სტაბილური ტენდენციის ხელშესაწყობად.

„ჩვენ ადრეული პრევენციით, სწორი მენეჯმენტით შევძელით იმ მძიმე შედეგების თავიდან არიდება, რაც ბევრმა ქეყანამ ვერ შეძლო, ამიტომ დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი და უმთავრესია არსებული სურათის შესანარჩუნებლად საგანგებო მდგომარეობა, ანუ, სულ მცირე, უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად არსებული სიტუაცია შევინარჩუნოთ. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას“, - განაცხადა მეზვრიშვილმა დღეს, 22 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეპიდემიოლოგების პროგნოზით, ვირუსის გავრცელების პიკი მოსალოდნელია აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპისთვის საგანგებო მდგომარეობა და შეზღუდვების რეჟიმი ისევ მოქმედებდეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ ეს საჭიროა პიკის პერიოდის ეფექტიანი მართვისთვის.

„რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, ეს შეზღუდვები რა გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, მოქალაქეთა სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუმცა ამ მიმართულებითაც ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა და კიდევ არაერთი ნაბიჯის გადადგმა იგეგმება“, - თქვა მეზვრიშვილმა.

მთავრობის პოზიციაა, რომ თუ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გარეშე შეზღუდვები ერთიანად მოიხსნება და არა ეტაპობრივად, არსებობს ეპიდსიტუაციის გაუარესების საფრთხე და ზიანი მიადგება უკვე მიღწეულ შედეგებს. ნათია მეზვრიშვილის განცხადებითვე, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აუცილებელია იმისთვისაც, რომ დროულად და ეტაპობრივად დაიწყოს ეკონომიკის ამუშავება.

პარლამენტმა დღეს უნდა უყაროს კენჭი მთავრობის მიმართვის საფუძველზე, პრეზიდენტის მიერ 21 აპრილს გამოცემულ ბრძანებას, კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG