Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არასწორი პროცედურით განიხილება


საქართველოს პარლამენტის უფრაქციო დეპუტატის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას შეფასებით, პარლამენტის სხდომაზე არასწორი პროცედურით და ფორმატით განიხილება კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი

ბესელიას განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტის არცთუ გამართულ 83-ე მუხლში გარკვევით ის მაინც წერია, რა გამონაკლისი წესები არსებობს საგანგებო მდგომარეობის დროს: „იმ ჩამონათვალში არსად არ წერია, რომ არ შეიძლება კითხვების დასმა. წერია, რომ არ შეიძლება კამათი და წერია, რომ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი აქ, და გამონაკლის შემთხვევაში, უნდა წარმოადგენდეს მას სხვა უფლებამოსილი პირი, მაგრამ არ წერია, რომ არ შეიძლება კითხვების დასმა. უფრო მეტი, ისიც კი წერია, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ხდება განხილვა“.

ეკა ბესელიას თქმით, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია შეკითხვების დასმა და მათზე პასუხების მიღება, მათ შორის, ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის წარმოდგენას მთავრობა პარასკევს აპირებს.

„თუ არ ვიცით, რა ელოდება ხვალ ამ ქვეყანას და მოქალაქეებს, უბრალოდ, სტატისტის როლში ყოფნა კენჭისყრის დროს ნამდვილად არ მინდა“, - განაცხადა ბესელიამ.

დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების საკითხზე ჯერ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.

ოპოზიცია მოითხოვდა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მისვლას კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმით. ასეთი გეგმის წარმოდგენას მთავრობა 24 აპრილს აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG