Accessibility links

ევროკომისია საქართველოსთვის 150 მლნ ევროს შეღავათიანი სესხის წინადადებით გამოვიდა


ევროპის კომისიამ მიიღო წინადადება, 3 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება აღმოუჩინოს ათ ქვეყანას გაფართოებისა და სამეზობლოს პროგრამების ფარგლებში, რათა ხელი შეუწყოს მათ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შეზღუდვაში.

ეს წინადადება ავსებს „Team Europe“-ის სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების დახმარებას პანდემიის პირობებში.

დღეს მიღებული წინადადებით საქართველოს გამოეყოფა 150 მილიონი ევრო. დანარჩენი ქვეყნები არიან: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, იორდანია, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია, ტუნისი და უკრაინა. ამ უკანასკნელისთვის გათვალისწინებულია ყველაზე დიდი წილი - 1,2 მილიარდი ევრო.

ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, პაოლო ჯენტილემ განაცხადა: „დღეს ევროპის კომისია გადამწყვეტ ნაბიჯს დგამს ჩვენი ათი მეზობლის დასახმარებლად კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. მოვუწოდებ ევროპის პარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს, მარტივად დაამტკიცონ ეს პაკეტი“.

ევროკავშირის ფონდები დასახელებულ ქვეყნებს 12 თვის განმავლობაში მიეწოდება სესხების სახით ძალიან მოგებიანი პირობებით, რათა გადაუდებელი ხარჯების დაფარვაში დაეხმაროს მათ.

ევროკომისიის წინადადება ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცონ.

წინადადების დამტკიცების შემდეგ კომისია მზადაა, ინდივიდუალურ ქვეყნებთან მემორანდუმების გაფორმების შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად გადაიხადოს პირველი ტრანში. მეორე ტრანში წლის ბოლოსთვის ან მომავალი წლის პირველ ნახევარშია გათვალისწინებული, თუკი სესხის მიმღებ ქვეყნებში დროულად გატარდება სესხთან დაკავშირებული პოლიტიკური ზომები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG