Accessibility links

2020 წელს მსოფლიოში მკვეთრად შემცირდება უცხოეთიდან შინ ფულადი გზავნილების მოცულობა


2020 წელს მსოფლიოში ფულადი გზავნილების მოცულობა მკვეთრად იკლებს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისის გამო. ამის შესახებ ლაპარაკია მსოფლიო ბანკის ანგარიშში, რომლის თანახმად, გზავნილები 20%-ით შემცირდება.

სავარაუდო ვარდნას, რომელიც ყველაზე მკვეთრი იქნება უახლეს ისტორიაში, დიდწილად გამოიწვევს უკუსვლა მიგრანტთა ხელფასებსა და დასაქმებაში. მსოფლიო ბანკის თანახმად, ეს ჯგუფი განსაკუთრებით დაუცველია მასპინძელ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისის პირობებში.

დაბალი და საშუალო შემოსავლიანობის ქვეყნებში ფულადი გზავნილების მოცულობა 19,7%-ით დაეცემა 445 მილიარდ დოლარამდე. ეს მრავალი მოწყვლადი ოჯახისთვის ნიშნავს საარსებოდ აუცილებელი ფინანსური წყაროს მოსპობას.

გამოკვლევები აჩვენებს, რომ უცხოეთში მომუშავეთა მიერ შინ ფულადი გზავნილების ნაკადი დაბალი და საშუალო შემოსავლიანობის ქვეყნებში ხელს უწყობს სიღატაკის დაძლევას, აუმჯობესებს კვების დონეს, იძლევა განათლებისთვის მეტი ხარჯების გაღების საშუალებას და ამცირებს ბავშვთა შრომას.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ფულადი გზავნილების მოცულობა ყველაზე მკვეთრად დაეცემა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (27,5%).

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2021 წელს დაბალი და საშუალო შემოსავლიანობის ქვეყნებში ფულადი გზავნილები კვლავ გაიზრდება 5,6%-ით.

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მიმღები კვლავაც უკრაინაა (2019 წელს 16 მილიარდი დოლარი). საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი 2,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

რუსეთი კვლავაც რჩება ქვეყნად, საიდანაც ყველაზე იაფია ფულის შინ გაგზავნა. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, რუსეთიდან საქართველოში ფულის გაგზავნა თანხის დაახლოებით 1,5%-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG