Accessibility links

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა გამოაქვეყნა ტრადიციული ანგარიში "კონფლიქტი საქართველოში"


ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა გამოაქვეყნა ახალი კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“.

ანგარიშს ტრადიციულად განიხილავს ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი, რომლის სხდომა, ამჯერად, ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდა მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო.

გენერალური მდივნის რიგით 21-ე ანგარიში მოიცავს პერიოდს 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის მარტის ჩათვლით და აღწერს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია: „ადგილზე უსაფრთხოების კუთხით ვითარება გაუარესებულია, მით უფრო, 2019 წლის აგვისტოს შემდეგ ჩორჩანა-წნელისის მხარეში უსაფრთხოების მძიმე გამოწვევებიდან გამომდინარე. ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული მდგომარეობა კვლავ დაძაბულია, განსაკუთრებით, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვების და ძირითად მომსახურებაზე წვდომის შეფერხების გამო“.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშის თანახმად, შექმნილი ვითარება გავლენას ახდენს დაუცველი ჯგუფებისთვის ჰუმანიტარული დახმარების და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე, განსაკუთრებით დაუცველები კი, ახალგორის და გალის რაიონებში მცხოვრები ქართველები არიან.

დოკუმენტში საუბარია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებაზეც.

გენერალური მდივნის ანგარიშში შეტანილია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის და სხვა სოციალური დახმარების შესაძლებლობების შექმნისკენ მიმართული ძალისხმევა. ნათქვამია, რომ სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში გათვალისწინებული "მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ საქმიანობას 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშის განხილვისას გავრცელდა საქართველოს განცხადება, რომელის ეხება რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას.

საქართველო ისევ აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, რუსეთი უგულებელყოფს საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას და განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციას.

საქართველოს განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებულ მასშტაბურ კიბერშეტევაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხებას.

ქართული მხარე ხაზს უსვამს, რომ ადგილზე არსებული ვითარება უარესდება ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გამო, რაც მდგომარეობის დესტაბილიზაციას იწვევს და მოსახლეობას აიძულებს, დატოვოს საკუთარი სახლ-კარი. სიტუაცია კიდევ უფრო საგანგაშოა, როცა მთელი მსოფლიო ჩართულია კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში, რუსეთი აგრძელებს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს.

ქართული მხარის განცხადება ხაზს უსვამს, რომ ცხინვალის რეგიონის სრული იზოლაცია გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა დაკეტა ე.წ. გამშვები პუნქტები და შექმნა ჰუმანიტარული კრიზისი, განსაკუთრებით ახალგორის რაიონში.

„სიცოცხლის ხელყოფის მუდმივი შიში, უკანონო დაკავება და გატაცება, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაცია, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა არის შემაშფოთებელი რეალობა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიურად ხვდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული მხარე აღნიშნავს, რომ საჭიროა საერთაშორისო საზოგადოება იყოს მტკიცე და ერთიანი და გააკეთოს მკაფიო გზავნილი, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევა მიუღებელია და მოსკოვმა უნდა შეცვალოს თავისი აგრესიული პოლიტიკა.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშის განხილვისას საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გამოაქვეყნეს ევროკავშირმა და სუამმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG