Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან დავითაშვილმა არ დააკონკრეტა, იგეგმება თუ არა ერთჯერადად 400 ლარიანი დახმარების გაცემა


ლევან დავითაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ლევან დავითაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ არ დაასახელა იმ თანხის მოცულობა, რომელსაც მთავრობა დახმარების სახით გადასცემს მოსახლეობას.

„მთავარი არხის„ მიერ დასმულ კითხვაზე, არის თუ არა თანხის მოცულობა 400 ლარი, მან განაცხადა, რომ დეტალური ინფორმაცია ცნობილი გახდება პრეზენტაციაზე, რომელსაც ხვალ, 24 აპრილს წარადგენს პრემიერ-მინისტრი.

ლევან დავითაშვილის თანახმად, დახმარების ფინანსური პარამეტრები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთანაა შეთანხმებული:

"უპასუხისმგებლო იქნებოდა ჩვენის მხრიდან გადაწყვეტილებები ან საუბარი კონკრეტულ რიცხვებზე იმ დროს, როდესაც ეს რიცხვები და პარამეტრები არ იყო შეთანხმებული საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის მსხვილ საფინანსო დონორებთან, რომლებთანაც ჩვენ ინტენსიური დიალოგი გვქონდა. დღე და ღამე ფინანსთა მინისტრი და პრემიერი ხვდებოდნენ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში კოლეგებს, ეს იქნებოდა სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელთა დახმარების კომპონენტი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს იმ პარამეტრებს, თუ როგორი იქნება დახმარების პაკეტი ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას 24 აპრილს წარადგენს. არსებული ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: პანდემიის ეგრეთ წოდებული კომპენსაციის გეგმა, ანუ მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა; ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და შეზღუდვების თანმიმდევრული ეტაპობრივი შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის გეგმა.

საქართველოში covid-19- ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG