Accessibility links

სირიის საიდუმლო პოლიციის ორი თანამშრომელი სასამართლოს წინაშე წარდგა გერმანიაში


სირიის საიდუმლო პოლიციის ორი თანამშრომელი სასამართლოს წინაშე წარდგა გერმანიაში. მათ კაცობრიობის წინაშე დანაშაულში ედებათ ბრალი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წამებისთვის.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წარმომადგენლებს უცხოეთში ასამართლებენ სამხედრო დანაშაულებებისთვის, რომლებიც მათ, სავარაუდოდ, ჩაიდინეს სირიაში ცხრაწლიანი სამოქალაქო ომის პერიოდში.

ორი ეჭვმიტანილი - 57 წლის ანვარ რ. და 43 წლის ეიად ა. - შარშან დააკავეს გერმანიაში. მათი გვარები არ გასაჯაროებულა გერმანიაში მოქმედი კონფიდენციალობის წესების გამო.

ორი ბრალდებულის საქმეში ჩვენებას მისცემს რამდენიმე სირიელი ლტოლვილი, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ აწამებდნენ დამასკის მახლობლად მდებარე ალ-ხათიბის ციხეში.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის თქმით, ანვარ რ. ხელმძღვანელობდა ობიექტს და პასუხისმგებელია კაცობრიობის წინაშე დანაშაულისთვის, გაუპატიურებებისა და მკვლელობებისთვის, სულ მცირე, 58 ადამიანის შემთხვევაში. ბრალდების თანახმად, ის 4000-ზე მეტ წამებაში მონაწილეობდა. ეიად ა. ხელმძღვანელობდა ქვედანაყოფს, რომელიც ოპოზიციის პატიმრებს ზედამხედველობდა.

ამ სასამართლო პროცესს საკვანძო მნიშვნელობას ანიჭებენ სირიის ხელისუფლების წარმომადგენლთა სამართლებრივი დევნის საქმეში.

ორი ბრალდებული სირიიდან გერმანიაში ჩავიდა და ისინი 2019 წლის თებერვალში დააკავეს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ანვარ რ.-ს შეიძლება სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს, ეიად ა.-ს კი 15 წლამდე პატიმრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG