Accessibility links

ეუთოს შეხვედრაზე დაგმეს "ბორდერიზაციის" პროცესი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე


აშშ-ის ელჩი ეუთოში ჯეიმს ს. გილმორი

ხუთშაბათს, 12 მარტის შემდეგ პირველად, შედგა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მუდმივი საბჭოს შეხვედრა. ონლაინ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად შეეხნენ ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

აშშ-ის ელჩმა ეუთოში, ჯეიმს ს. გილმორმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი და ცხინვალის რეჟიმი „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებული ახალი მოქმედებებისთვის.

„აშშ ღრმად შეშფოთებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა რუსეთის ხელმძღვანელობით განაახლეს „ბორდერიზაციის“ აგრესიული, ინტენსიური მოქმედებები საქართვლოს კუთვნილი, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, სოფელ ტახტისძირთან. კიდევ უფრო შეშფოთებული ვარ იმით, რომ ეს მოქმედებები განხორციელდა მართლმადიდებლური აღდგომის უქმეების დროს და პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე“, განაცხადა გილმორმა.

მან საოკუპაციო ძალებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებული საქმიანობა და აღნიშა, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვა მძიმედ მოქმედებს ადგილობრივ მოსახლეობაზე.

„ჩვენ გამოვდივართ მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს ნებისმიერი ნიშნების, სტრუქტურების, ღობეებისა ან ბარიერების მშენებლობა, რომელთა მიზანია, განამტკიცოს ან განავრცოს უკანონო „ბორდერიზაცია“ ადმინისტრაციული გამოყოფი ხაზის გასწვრივ. რუსეთის მხრიდან „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებული უკანონო ქმედებები და საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვა სავალადო გავლენას ახდენს მოსახლეობაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს,“ აღნიშნა ჯეიმს ს. გილმორმა.

17 აპრილს საოკუპაციო ძალებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან ე.წ. საზღვრის მონიშვნა დაიწყეს. საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას უკვე მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG