Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული პრესა კორონავირუსზე: მთელი ძალაუფლება მეცნიერებს?


მეცნიერები იშვიათად თუ მოხვედრილან მედიის ყურადღების ცენტრში ისე მძლავრად, როგორც ახლა, კორონავირუსის პანდემიის კრიზისის პერიოდში. წამყვანი ვირუსოლოგები და ეპიდემიოლოგები, ისევე როგორც შესაბამისი სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელები, კრიზისის სახეები გახდნენ თავიანთ ქვეყნებში. ევროპის პრესა მსჯელობს, როგორ უნდა გამოინახოს ოქროს შუალედი სამეცნიერო მსჯელობასა და პიროვნების კულტს შორის.

მეცნიერები არ წარმოადგენენ ერთადერთ ჯგუფს, რომელსაც კრიზისიდან გამოსვლის გზა შეუძლია გვაჩვენოსო, წერს შვეიცარიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Aargauer Zeitung-ი 20 აპრილის ნომერში: „პოლიტიკოსები უსმენენ სამეცნიერო მოსაზრებებს და ეს კარგია. მაგრამ მეცნიერება უფრო მეტია, ვიდრე ვირუსოლოგია და ეპიდემიოლოგია. ახლა ის სათქმელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომელიც აქვთ ეკონომისტებს, ფსიქიატრებს და საკონსტიტუციო იურისტებს. მათ თითქოს ნაკლები ყურადღება ექცევა და ეს არ არის სწორი. როცა საკარანტინო ზომებს თანდათანობით უკან მოვიტოვებთ, პოლიტიკოსებმა გადაწყვეტილებები სრული სურათის გათვალისწინებით უნდა მიიღონ და ისიც გახსოვდეთ, რომ, მაგალითად, კორპორაციულ გაბანკროტებას და მასობრივ უმუშევრობას დეპრესია და თვითმკვლელობებიც კი შეიძლება მოჰყვეს. ... ერთი რამ ნათელია: მეცნიერებს მოაქვთ ფაქტები, პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებებს და მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობაც სწორედ პოლიტიკოსებს უნდა დაეკისროს“.

ზედმეტად ბევრი მზარეული კერძს აფუჭებსო, ასკვნის ჰოლანდიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული De Volkskrant-ის რეგულარული ავტორი, ბერტ ვაგენდორფი 21 აპრილის ნომერში: „[პრემიერ-მინისტრი] მარკ რუტე დამოკიდებულია ექსპერტებზე, ვირუსოლოგებზე, ინფექციონისტებსა და მიკრობიოლოგებზე. ... მაგრამ კორონავირუსი ბევრი ამ ექსპერტისთვისაც იდუმალებად რჩება და ამიტომ მთავრობას რჩევების მიღება ცალთვალიანთაგან უწევს ბრმათა ქვეყანაში. ... ვირუსი რთულ, მაგრამ მკაფიო სცენარს მისდევს. სწორი გზაა მასთან ნათელი სტრატეგიით ბრძოლა, თუმცა საბრძოლო შტაბი მცირერიცხოვანი უნდა იყოს. მარკ რუტემ ამ შტაბს კიდევ რამდენიმე ფსიქოლოგი, ეკონომისტი ან ეთიკის სპეციალისტი რომ დაუმატოს, რომლებიც ურთულეს დილემებს გამოკვეთენ, ეს შესაძლოა მისი დასასრული იყოს. და ეს ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ახლა“.

კორონავირუსთან საბრძოლველად შვედეთის მიერ არჩეული განსაკუთრებული სტრატეგიის და ამ სტრატეგიის ავტორის, შვედეთის ჯანდაცვის სააგენტოს წამყვანი ეპიდემიოლოგის, ანდერს ტეგნელის, გადაჭარბებული ქების საფრთხეებზე წერს შვედეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Dagens Nhyeter-ში ავტორი ლისა მაგნუსონი 17 აპრილს: „შვედეთმა ღმერთი უკან მოიტოვა და ახლა მას მსოფლიოში ყველაზე მეტად სეკულარულ ქვეყნად მიიჩნევენ. შესაძლოა ამან შეუწყო ხელი იმ გარემოებას, რომ ბოლო ხანებში აქ ასე ძალიან გაძლიერდა პიროვნების კულტის ფენომენი. დიდხანს ჩვენთვის ღმერთის შემცვლელი ფსიქოლოგი იყო, შემდეგ, 2010-იან წლებში, ის იდეოლოგმა ჩაანაცვლა. იქნებ 2020-იანი წლები მეცნიერ-ექსპერტის ეპოქა იყოს? საკუთრივ 2020 წელი, ცხადია, რომ ანდერს ტეგნელისაა - მაშინაც კი, თუკი, ჩემი ეჭვით, ეს მორიდებული მკვლევარი თავად დიდად ბედნიერი არ არის ამით“.

ესპანეთში მოქმედი მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის ვებსაიტი eldiario.es 21 აპრილს ირონიულად ეხმიანება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის, მოქალაქეებს შორის დიდი პოპულარობით მოსარგებლე, ფერნანდო სიმონის წინააღმდეგ ოპოზიციაში დაწყებულ კამპანიას და სოციალური მედიით გამოთქმულ ცილისწამებას: „არ შეხედოთ ფერნანდო სიმონის გამოსვლებს მედიაში. მის გამოსვლებს თუ არ გამორთავთ, ვერასოდეს შეძლებთ მის შეძულებას ... ყოველდღე თუ მოუსმენთ, ის მოგაჯადოებთ და მოგეჩვენებათ კარგ, სიმპათიურ ადამიანადაც კი. ... ამის ნაცვლად, თვალი შეავლეთ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების ნაწყვეტებს, რომლებიც კონტექსტებიდანაა ამოგლეჯილი - მაგალითად, ფრაზებს, ‘ფერნანდო სიმონი მკვდრებს დასცინის’, ან ‘ფერნანდო სიმონი გვარწმუნებს, რომ ეს უბრალო გრიპი იქნება’“.

ბელგიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის გამოცემა Le Soir 21 აპრილის ნომერში აქვეყნებს გაეროს ღონისძიებებზე საფრანგეთის იმ ფრანგულენოვანი ახალგაზრდობის წარმომადგენელთა წერილს, რომლებიც ამბობენ, რომ ახლა აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდების მოსმენა: „შემდგომი კვირების გადაწყვეტილებები პოლიტიკური ხასიათისაა და ისინი მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიიღონ, რაც კონსულტაციები გაიმართება ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ... იმის მიუხედავად, კოლექტიური გადაწყვეტილებები რამდენად ემყარება საექსპერტო ინფორმაციას, მათ აუცილებლად უნდა შექმნან კოვიდისშემდგომი სტრატეგიის ფორმულირების პროცესი, მით უფრო, რომ გზა, რომელსაც ახლა ავირჩევთ, გადამწყვეტი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. სწორედ იმის გამო, რომ კრიზისულ სიტუაციებში გარკვეული იდეები ფეხს იკიდებს, ახლა საჭიროა ახალგაზრდებს მოვუსმინოთ“.


პრესის მიმოხილვა მომზადებულია eurotopics.net-ის დაიჯესტის მიხედვით.





დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG