Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყანა ანტიკრიზისული გეგმის მოლოდინში - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 აპრილს


ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში

დადასტურებული შემთხვევა - 425

გარდაცვლილი - 5

გამოჯანმრთელებული - 111

კარანტინში - 5127

სტაციონარში - 578

კორონავირუსით ინფიცირებლთა რაოდენობამ საქართველოში 425-ს მიაღწია. აქედან გამოჯანმრთელდა 111 პაციენტი. თუმცა ერთ-ერთი პაციენტი მაინც კლინიკაში რჩება. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განმარტებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ 8 პაციენტს შორის არის 67 წლის მამაკაცი, რომელსაც ახალი კორონავირუსი ორჯერადი კვლევით აღარ უდასტურდება, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკული რჩება.

ლევან რატიანის თანახმად, მამაკაცის მდგომარეობის სიმძიმე გამოწვეულია კოვიდ-19-ის გარეშე მიმდინარე პოლიორგანული უკმარისობით.

საქართველო ამ დრომდე ინარჩუნებს ვირუსის მატების სტაბილურ რიცხვს. თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ არსებული დინამიკა პიკის გადავლაზე არ მიუთითებს. მისი სიტყვებით, იქნება შემთხვევა, როცა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვი ინფიცირებულების რაოდენობას გადააჭარბებს, თუმცა მსგავსი დინამიკა პანდემიას ახასიათებს.

წაიკითხე მეტი.

მთავრობა დღეს წარადგენს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმას

როგორც წინასწარ ითქვა, მთავრობამ დღეს უნდა წარმოადგინოს ანტიკრიზისული გეგმის პაკეტი შემდეგი კომპონენტებით:

  • მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა (სოციალური დახმარება კონკრეტული ჯგუფებისთვის);
  • ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა;
  • შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების და შესაბამისად - ეკონომიკის გახსნის (ბიზნესის ამოქმედების) გეგმა.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდში არაერთხელ აღნიშნეს, კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტის შემუშავების შესაძლებლობები მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც მთავრობამ მნიშვნელოვანი მოცულობის საერთაშორისო დახმარების - 3 მილიარდი დოლარის მოზიდვა შეძლო.

წაიკითხე მეტი.

ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს, ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმება შეახსენოს

ოპოზიციური პარტიები წერილით მიმართავენ საქართველოს პარტნიორებსა და მხარდამჭერებს, ისინი პარტნიორებს მოუწოდებენ, შეახსენოს საქართველოს მთავრობას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობა.

ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ როგორც კი კორონავირუსის პანდემია გადაივლის, მოვლენათა ამგვარი განვითარება გარდაუვლად გამოიწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას და გაზრდის რისკებს ოქტომბერში დანიშნული არჩევნების წინ“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმების მნიშვნელოვანი საკითხი იყო პოლიტპატიმართა გათავისუფლება, ამავე დროს, „3 აპრილს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის გათავისუფლებაც გათვალისწინებული იყო 8 მარტის შეთანხმებით, ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც შეთანხმების სულისკვეთებისა და ტექსტის დარღვევა და უკან გადადგმული ნაბიჯია“.

წაიკითხე მეტი.

ასლან ბჟანიამ "პრეზიდენტის ფიცი" დადო

გუშინ სოხუმში გაიმართა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი „პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიას ინაუგურაცია. მან ფიცი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის საკონფერენციო დარბაზში დადო.

ინაუგურაციის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ასლან ბჟანიამ აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად დაასახელა მთავარ მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორთან - რუსეთთან ყოველმხრივი თანამშრომლობის განმტკიცება და განვითარება.

ბჟანიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატებს და თქვა, რომ აფხაზეთში ახალი პოლიტიკური კულტურა ყალიბდება.

ბჟანიამ ერთ-ერთ პირველ ამოცანად დაასახელა ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის აღდგენა, თუმცა თქვა, რომ მოქალაქეთა ცხოვრება მალევე ვერ გაუმჯობესდება და წინ მძიმე სამუშაოა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდა. დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციამ ხმების 56,5%-ით გამარჯვებულად გამოაცხადა ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია.

წაიკითხე მეტი.

22 წლის მეწარმე კახეთიდან, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ დააზარალა

კახა ბატიაშვილი ახალგაზრდა ფერმერია კახეთიდან, რომელსაც მარწყვის სასათბურე მეურნეობა აქვს. მანამდე იყო ილიას უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, მაგრამ 3 წლის წინ სწავლას თავი დაანება - დარწმუნდა, რომ გეოლოგი ვერ გამოვიდოდა, რადგან სოფლის მეურნეობა უფრო მეტად აინტერესებდა.

სწავლისთვის თავის დანებების შემდეგ 22 წლის კახა ბატიაშვილი ლაგოდეხში, მშობლიურ სოფელში, ჩადუნიანში, დაბრუნდა. დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში კვების ობიექტებში მუშაობდა. გარკვეული რაოდენობის თანხა მოაგროვა და ძმასთან ერთად ორი სათბური ააშენა. ერთში ადგილობრივი მარწყვი გააშენა, მეორეში კი - ჰიბრიდული.

კახას თქმით, მარწყვის ადგილობრივი ჯიში შედარებით მცირე მოსავალს იძლევა, თუმცა არის უფრო არომატული და ტკბილი, ჰიბრიდული ჯიშები კი დიდ მოსავალს იძლევა, მაგრამ გემოვნური თვისებები ნაკლები აქვს.

შეიძლება ითქვას, რომ კახამ წელს პირველი მოსავალი მიიღო, რომელიც სარეალიზაციოდ არის განკუთვნილი, თუმცა ეს იმ დროს, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში აგრარული ბაზრები დაკეტილია, ტრანსპორტით გადაადგილება - აკრძალული, მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი და ქუჩაში ხალხი ნაკლებად დადის. რაზე სწუხს ახალგაზრდა მეწარმე და სად ხედავს გამოსავალს, წაიკითხე გიორგი ალადაშვილის სტატიაში ან უყურე ვიდეოს.

კავკასიონზე მყინვარების დნობის პროცესი გრძელდება. ბოლო საუკუნის განმავლობაში მათი მთლიანი ფართობი დაახლოებით 40 %-ით შემცირდა. მყინვარების დნობა კლიმატის ცვლილებამ - გლობალურმა დათბობამ გამოიწვია. ამ ვიდეოში რადიო თავისუფლებამ გლაციოლოგ ლევან ტიელიძის დახმარებით მოკლედ მიმოიხილა, რა მოხდება, თუ მყინვარები მთლიანად დადნება და რა შეუქცევადი პროცესი მოჰყვება ამას მსოფლიოსა და საქართველოში.

22 აპრილს მსოფლიომ დედამიწის დღე აღნიშნა - 2020 წელს ამ დღის მთავარი თემა სწორედ კლიმატის ცვლილება იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG