Accessibility links

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ ბიუჯეტზე და დახმარების ფონდზე


ხუთშაბათს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, გადახედონ კავშირის გრძელვადიან ბიუჯეტს და შექმნან მსხვილი ფონდი, რათა გაუმკლავდნენ კორონავირუსის პანდემიით მიყენებულ ეკონომიკურ ზარალს და ხელი შეუწყონ ბლოკის 27 წევრი ქვეყნის ეკონომიკების აღდგენას. თუმცა აზრთა სერიოზული სხვადასხვაობაა იმის თაობაზე, თუ როგორ იქნეს მიღწეული ეს მიზნები.

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, ევროკომისიას დაავალონ, ცვლილებები შეიტანოს ევროკავშირის შემდეგ შვიდწლიან ბიუჯეტში, რომელიც 1 იანვარს უნდა შევიდეს ძალაში. ასევე შეთანხმდნენ მასიური განახლების გეგმის შესახებ, რომელიც ჯერაც დავის საგანია. მართალია, ამ გეგმაში არ არის ნახსენები ციფრები, ევროკავშირის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საჭირო იქნება 1-1,5 ტრილიონი ევრო.

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები, პირველ რიგში ნიდერლანდი და გერმანია, შიშობენ, რომ სხვების ნაცვლად მოუწევს ვალების გასტუმრება. ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაში ცხარე კამათი გაიმართა იმაზე, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს აღდგენითი პროგრამის დაფინანსება - გრანტებით თუ სესხებით.

მოლაპარაკებებზე ლიდერებმა ასევე მხარი დაუჭირეს 540 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების დამატებით პაკეტს, რომელიც ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა შეადგინეს. მისი მიზანია, დახმარება გაწიოს დაკარგული ხელფასების გადახდაში, გადაარჩინოს კომპანიები და დააფინანსოს ჯანდაცვის სისტემა. შეთანხმდნენ, რომ ის 1 ივნისს ამოქმედდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG