Accessibility links

მდინარაძე განმარტავს, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის შემოღებულ ზომებს


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განმარტა ახლად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების მიზეზი, რომლის თანახმად, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში (როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლისსამართლებრივი) პირს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ეს საჭირო გახდა, რათა განჭვრეტადობა არ იყო ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების შემდეგ, რა პასუხისმგებლობა ეკისრებოდა პირს „სისხლის სამართლის კოდექსის“ მიხედვით. კონკრეტული რეგულაცია არსებობს, რომელიც გათვალისწინებულია პრეზიდენტის დეკრეტით, მაგრამ ეს ქმედება, როგორც დანაშაული, პირველად შემოვიდა „სისხლის სამართლის კოდექსში“. ასევე არის მითითება, რომ თუ პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სანქცია“, – განმარტა მამუკა მდინარაძემ.

ახლად მიღებული ცვლილებების მოქმედი საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში არ გავრცელდება. „ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, მაგრამ თუ მომავალში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემთხვევები გვექნება, ამ შემთხვევაში, „სისხლის სამართლის კოდექსში“ კონკრეტული ნორმა იქნება მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული და იმ შემთხვევისთვისაც კი, თუ დეკრეტით არ იქნა გათვალისწინებული. თუ დეკრეტი გაითვალისწინებს კონკრეტულ სანქციას კონკრეტული ქმედებისთვის, „სისხლის სამართლის კოდექსში“ ამასთან დაკავშირებით მითითება იქნება, რომ იმოქმედებს დეკრეტით გათვალისწინებული სანქცია“, – დაამატა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება 22 აპრილის (საგანგებო მდგომარეობის ვადით) ჩათვლით მოქმედ პრეზიდენტის დეკრეტს, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის - 15 000 ლარის ოდენობით.​ ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG