Accessibility links

საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დასაბრუნებლად ბარსელონა-თბილისის რეისი შესრულდება


ბარსელონის აეროპორტი

საქართველოს ასზე მეტი მოქალაქე დღეს სამშობლოში ესპანეთიდან, ბარსელონიდან დაბრუნდება. მთავრობის მიერ შექმნილ საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით, ბარსელონა-თბილისის ჩარტერულ ავიარეისს კომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავი შეასრულებს.

მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად დანიშნული მომდევნო ავიარეისებია:

27 აპრილი - ვარშავა-თბილისი;

30 აპრილი - მადრიდი-თბილისი;

2 მაისი - პრაღა-თბილისი;

5 მაისი - ათენი-თბილისი;

7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი;

9 მაისი - ბერლინი-თბილისი.

ავიაკომპანია „Georgian Airways“-მა საკუთარ ვებსაიტზე ბილეთების ონლაინგაყიდვა უნდა დაიწყოს რეისამდე ორი დღით ადრე და ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოს არაერთი მოქალაქე საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე გამოთქვამს ეჭვს და უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ავიაბილეთების შეძენა პრაქტიკულად, შეუძლებელია.

"ვინ ახერხებს ონლაინ ბილეთების შეძენას, იქნებ მასწავლოთ გზები, ხერხები, ნაცნობობა, პრიორიტეტები, სიები ან რა ვიცი, - უბრალო მოკვდავს როგორ შეუძლია შეიძინოს ბილეთი გამოცხადებულ სპეც რეისზე 2 დღით ადრე კი არა, ზუსტად გამოცხადებულ დროს, დაბლოკილ საიტზე გაყიდული ბილეთების გამოცხადებით???", - წერს ერთ-ერთი მოქალაქე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო კომენტარის თანახმად: „კომპანიიდან მოწოდებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ მოთხოვნა ძალიან მაღალია და საშუალოდ 10 ბილეთის ონლაინ შეძენას ცდილობს 500-დან 600 ადამიანამდე. ბუნებრივია, ამ ფონზე უკმაყოფილო მოქალაქეების რაოდენობა, ვინც ვერ შეიძინა ბილეთი არის დიდი. გამომგზავრების მსურველი მოქალაქეების მზარდი რაოდენობა კვლავ რჩება და საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ჩარტერული რეისების დაგეგმვაზე მუშაობას“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუს COVID-19-ის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, სამშობლოში მოქალაქეთა დასაბრუნებლად 30-ზე მეტი ჩარტერული ავიარეისი შესრულდა. მისივე ცნობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისებით და ასევე, სახმელეთო და საზღვაო გზებით ორგანიზებულად უკვე დაბრუნდა 7 600 მოქალაქე.

სამშობლოში დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანისთვის დაკეტილი აქვს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG