Accessibility links

მაკა სოლოღაშვილი: ბოჭორიშვილის კლინიკაში 10 მოზარდიდან ორმხრივი პნევმონია მხოლოდ 2-ს ჰქონდა


აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თანახმად, ამ დროისათვის კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულ 22 პაციენტს შორის 6 არასრულწლოვანია, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. იგი კლინიკაში 2 დღის წინ შეიყვანეს. მაკა სოლოღაშვილის თქმით, არასრულწლოვნები თავს კარგად გრძნობენ და მათთან დაავადების სურათი პრაქტიკულად ალაგებულია, მათ შორის დამაკმაყოფილებელია 5 წლის ბავშვის მდგომარეობა.

მაკა სოლოღაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან აღნიშნა, რომ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული არასრულწლოვნებიდან ორმხრივი პნევმონია მხოლოდ 2 მოზარდს ჰქონდა:

„გატარებული 10 ბავშვიდან 2 ბავშვში იყო გამოვლენილი ორმხრივი პნევმონია, თუმცა მათი სუბიექტური მდგომარეობა ყოველთვის დამაკმაყოფილებელი იყო და საკმაოდ კარგად ექვემდებარებოდა მკურნალობას. ძალიან მოკლე დროში ალაგდა ჩვენს შემთხვევაში ორივე პნევმონიის მიმდინარეობა“, - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.

მისი თქმით, ამ დროისათვის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში სულ 47 პაციენტია, მათგან 22-ს დადასტურებული აქვს კოვიდ-19, საყურადღებოა 3 ინფიცირებულის მდგომარეობა.

საქართველოში გასული ღამის შემდეგ, 425-დან 431-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

განიკურნა კიდევ 3 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 111-დან 114-მდე გაიზარდა.

თებერვლის ბოლოდან, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ამ დრომდე COVID-19-ით გარდაიცვალა 5 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG