Accessibility links

სააკაშვილი: უკრაინის ბიზნესი სახელმწიფოსგან ფეოდალურ დამოკიდებულებაში იმყოფება


საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მმართველი ფრაქციის წევრებს ხვდება.

მანამდე სააკაშვილმა გააცხადა, რომ ზელენსკიმ მას შესთავაზა ვიცე-პრემიერის თანამდებობა რეფორმების საკითხებში.

მმართველი ფრაქციის წევრებთან შეხვედრის წინ მიხეილ სააკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუკი პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ თანამდებობას დაიკავებს, მისი მთავარი მიზანი იქნება, გატარდეს შესაბამისი რეფორმები, რათა უკრაინა სათანადოდ იყოს მზად „ცუნამისთვის“, რომელიც ელის ქვეყნის ეკონომიკას.

სააკაშვილმა თქვა, რომ მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის პარლამენტთან თანამშრომლობა, ვინაიდან, მისი თქმით, ყველა რეფორმაში უნდა მონაწილეობდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ვინც დაინტერესებულია ამ ცვლილებებით.

„გვერდზე უნდა გავწიოთ ოლიგარქიული და კერძო ინტერესები. საჭიროა მაქსიმალურად გაკეთდეს ყველაფერი, რათა განთავისუფლდეს უკრაინის ბიზნესი. უკრაინის ბიზნესი ამჟამად სახელმწიფოსგან ფეოდალურ დამოკიდებულებაში იმყოფება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, არაფერი, რაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში კეთდებოდა უკრაინის ეკონომიკაში, არ მუშაობს, ვინაიდან „ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირიქით“.

„თუკი გავაგრძელებთ ისე, როგორც ყოველთვის, სავალალო შედეგი გვექნება. ჩვენ ან გვესმის, რომ ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა, ან არ გვესმის ეს. ანდა გვესმის, მაგრამ ეს ჩვენ ხელს გვაძლევს. მე ეს ხელს არ მაძლევს“.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინის ეკონომიკის კრიზისიდან გადარჩენა შეუძლებელი იქნება, თუკი სწრაფი ნაბიჯებით არ მოხერხდება ბიუროკრატიის შესუსტება და ბიზნესისა და ეკონომიკისთვის დახმარების აღმოჩენა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მეორე მთავარი ამოცანა, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ დააკისრა მას, არის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG