Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარიას თქმით, შემდეგ სერიოზულ დარტყმას სოფლის მეურნეობა და ფერმერები მიიღებენ


საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, უახლოეს მომავალში სოფლის მეურნეობის სექტორი სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება, განსაკუთრებით იმ პროდუქტებზე, რომლებიც შიდა მოთხოვნას, მათ შორის, ტურიზმის სექტორის მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ.

„ჩვენი სოფლის მეურნეობის ადგილობრივი ფერმერობის მოთხოვნის სტრუქტურა სრულად იყო დამოკიდებული ტურიზმზე, არა მხოლოდ ჩვენი შინამეურნეობის მოთხოვნაზე, არამედ რომელსაც აგენერირებდა ტურიზმი და რომელიც დღეს არ არის“, - განაცხადა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი გახარიამ.

მისი განმარტებით, შიდა მოთხოვნილების ექსპორტით ჩანაცვლება მოკლე პერიოდში უკიდურესად რთული იქნება. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებული აქვს, ფერმერების დახმარების სპეციალური ღონისძიებების ნუსხა უახლოეს მომავალში წარუდგინოს მთავრობას:

„ჩვენი შემდგომი ყურადღების და დახმარების ობიექტი იქნება, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობა და ფერმერობა. პირველი, როგორც მინიმუმ, ფასების რადიკალური ვარდნა იქნება მათ წარმოებულ პროდუქციაზე და საერთოდ გასაღებაც პრობლემა იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის კანცელარიაში წარადგინა COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ზომები.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის, საერთო ჯამში, 431 შემთხვევა. მათგან 114 გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG