Accessibility links

გიორგი გახარია: ერთი კოვზით ზიარება ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია


საერთო კოვზით ზიარება ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია, - მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ამის შესახებ მან შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„ეს აშკარაა, რომ ისევე, როგორც ყველა სახის დისტანცია არის ერთადერთი საშუალება დღეის მდგომარეობით, სამწუხაროდ, ამ ინფექციისგან თავის დაცვის, რა თქმა უნდა, კოვზიც არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

უფრო ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ერთი კოვზით ზიარება ინფიცირების წყარო, უპასუხა, რომ „საჭირო არის მეცნიერული კვლევა“.

„ზოგადად, მეცნიერებაში მნიშვნელოვანია, რომ იყოს აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ეს ყველაფერი, ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

საქართველოს მთავრობამ დღეს, 24 აპრილს წარადგინა კორონავირუს COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ზომებისა და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების - ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმა.

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის, საერთო ჯამში, 431 შემთხვევა. მათგან 114 გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG