Accessibility links

NCDC-ს განცხადებით, ერთ-ერთ არხის ეთერში ცილისმწამებლურმა ბრალდებებმა აპოგეას მიაღწია


„სხვადასხვა წყაროებით არაერთხელ გავრცელდა უსაფუძვლო, ალოგიკური და უმეტესად ცილისმწამებლური ბრალდება, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს ცენტრის რეპუტაციასა და საქმიანობას და აპოგეას მიაღწია გუშინდელი ერთ-ერთი არხის სატელევიზიო სივრცეში“, - ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) განცხადებაში. NCDC აღნიშნავს, რომ საჭიროდ არ მიიჩნევს, შევიდეს დისკუსიაში და რეაგირება მოახდინოს პოლიტიკური სახის განცხადებებზე, რომელთა მიზანია დისკრედიტაცია, საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა და ეპიდემიასთან ბრძოლაში ხელის შეშლა.

განცხადების თანახმად, მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კრიზისის საპასუხოდ, რომელიც დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან და რაც სერიოზული გამოწვევაა საქართველოსთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო უწყებებთან და მთლიანად საზოგადოებასთან ერთად, პირველივე დღეებიდან ჩართულია COVID-19 დაკავშირებულ მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებებში.

რაც შეეხება ცენტრის მუშაობას, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის ამ რთულ პერიოდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მის დაქვემდებარეში მყოფი ლუგარის ლაბორატორიის პასუხისმგებლობაშია კორონავირუსული ინფექციის რეალურ დროში ეპიდზედამხედველობა, COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მართვა, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობის მეთვალყურეობა და კიდევ მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება.

განცხადებაში, აგრეთვე, ვკითხულობთ ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის შესახებ. „იგი მუდმივ რეჟიმში, ოფიციალური არხებით (ცენტრის ვებ-გვერდი, ფეისბუქი, თვითერი, ინსტაგრამი, ლაივ-ჩართვები მედიაში, სპეციალური ბრიფინგები) მოსახლეობას აწვდის იმ მიმდინარე ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ქვეყანასა და მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებას, აქვეყნებს საგანმანათლებლო მასალას და რეკომენდაციებს გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს ეპიდზედამხედველობას, ინფიცირებულთა იზოლაციასა და შესაძლო კონტაქტების აქტიურ გამოვლენას და მრავალ სხვა ღონისძიებას, რომლებიც ეყრდნობიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. დამატებით, ნებისმიერ რესპონდენტს, ოფიციალური მომართვის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით, გონივრული ვადების დაცვით, აწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას და იძლევა განმარტებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

23 აპრილს „მთავარის არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ სახელმწიფოს მიერ შემოტანილი უხარისხო ტესტების გამო შესაძლოა, ბევრი გამოჯანმრთელებული პაციენტის მდგომარეობა ეჭვქვეშ დადგეს. მათივე ცნობით, მამაკაცს, რომელიც თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში კარდიოლოგიური ცვლილებების გამო შევიდა, ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. როგორც ტელეარხი იტყობინებოდა, მას სამჯერ ჩაუტარდა ტესტირება და COVID – 19 არ დაუდგინდა. „მთავარი არხის“ ცნობით, მათ იმ ტესტის პასუხი მოიპოვეს, რომელის მიხედვითაც საავადმყოფოში შეყვანილ პაციენტს COVID – 19 დაუდასტურდა. როგორც „მთავარი არხი“ იტყობინებოდა, პაციენტს მეოთხე ტესტირება „გენეტიკის ლაბორატორიამ“ ჩაუტარა.

მოგვიანებით პაციენტს კიდევ ერთი გამოკვლევა ლუგარის ლაბორატორიაში ჩაუტარეს.

„ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა 23 აპრილს „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ რიგით მეხუთე ტესტი, რომელიც ჩატარდა ლუგარში, არის უარყოფითი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG