Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოცმუშაკთა გაერთიანება: სოცმუშაკები საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურში ფეხით დადიან


სოციალურ მუშაკთა გაერთიანება მოითხოვს, დაუყოვნებლივ მოიძებნოს რესურსი იმისთვის, რათა სოციალური მუშაკები გადაადგილების სატრანსპორტო საშუალებებით იყვნენ უზრუნველყოფილები, როგორც საგანგებო მდგომარეობის დროს, ისე მისი დასრულების შემდეგ.

განცხადებაში, რომელსაც სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ავრცელებს, აღნიშნულია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს სოციალური მუშაკები სამსახურში ფეხით გადაადგილდებიან.

„შეგახსენებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკებს 8-დღიანი გაფიცვა დასჭირდათ იმისათვის, რომ დამსაქმებელს მათთვის გადასაადგილებელი ტრანსპორტი გამოეყო. ისევ და ისევ ბენეფიციართა დროულად დასახმარებლად!

2020 წლის 1-ლი თებერვლიდან განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე, სოციალურმა მუშაკებმა თავიანთი ფუნქცია-მოვალეობებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში გადაინაცვლეს. ამავე რეორგანზიაციის მიზეზით ჯერ სამსახურიდან 33 სოციალური მუშაკი გაათავისუფლეს (კადრების უკიდურესი სიმწირის ფონზე), ხოლო შემდეგ სოციალურ მუშაკებს გამოყოფილი მანქანებით სარგებლობა შეუზღუდეს.

აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები დარჩა სოციალური მომსახურების სააგენტოს განკარგულების ქვეშ, ხოლო ახალმა ზრუნვის სააგენტომ სოციალურ მუშაკებს განუცხადა, რომ არ აქვს მათი ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის საშუალება“, - აღნიშნულია განცხადებაში. მასში ნათქვამია, რომ დაუშვებელია კრიზისში წინა ხაზზე მდგომი პროფესიონალების ამგვარი დამცირება, შეურაცხყოფა და ხელის შეშლა სამუშაოს შესრულებაში.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

24 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიური გეგმა წარადგინა. ანტიკრიზისული გეგმით განისაზღვრა მოსახლეობის სოციალური დახმარების, ასევე covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG