Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED: ცესკოს პროფესიული წევრების შესარჩევი კონკურსი ხარვეზებით წარიმართა


"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრების კონკურსში გამოვლენილ ხარვეზების შესახებ სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში, კერძოდ, შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრების შერჩევის პროცესს, რომლებიც პროფესიული ნიშნით, პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე, პარლამენტის მიერ აირჩევა.

"სამართლიანი არჩევნების" ძირითადი მიგნებების მიხედვით, პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში პრობლემები გამოიკვეთა, როგორც საკონკურსო კომისიის ფორმირების ეტაპზე, ასევე კანდიდატების შეფასების პროცესში. გამოვლენილი პრობლემებიდან, ორგანიზაციის თანახმად, განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი:

  • მიუხედავად, იმისა, რომ საკონკურსო კომისიის შემადგენლობის ფორმირებისას არ დარღვეულა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი მოთხოვნები და კომისიაში წარმოდგენილი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გაუგებარია რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა პრეზიდენტის მიერ კომისიის შემადგენლობის ფორმირება;
  • კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და პროფესიონალიზმთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები ეჭვებს აჩენს ცესკოს წევრობის შესარჩევი კონკურსის ობიექტურობაზე;
  • საკონკურსო კომისიის ოქმიდან არ ჩანს, თუ როგორ მოხდა კომისიის მიერ კონკურსში მონაწილე კანდიდატების შეფასება დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით;
  • საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული. გაუგებარია რის საფუძველზე მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება პრეზიდენტისთვის კონკურსში მონაწილე კანდიდატების წარდგენის შესახებ.

"სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ მომავალში ცესკოს წევრების შერჩევის მიმართ საზოგადოების ნდობისა და მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია:

  • კომისიაში შედიოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი. დანარჩენი წევრები შეიძლება იყვნენ სახალხო დამცველის წარმომადგენელი, საარჩევნო საკითხების ექსპერტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც გამოცდილება აქვთ არჩევნების მიმართულებით და სხვ., რომლებიც სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით და სანდოობით;
  • ნაცვლად საეჭვო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებისა, კომისიაში მიწვეული უნდა იყვნენ ის ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებსაც საარჩევნო საკითხებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ და მიუკერძოებელი და ობიექტური საქმიანობით გამოირჩევიან;
  • საკონკურსო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული. აღნიშნული აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ კომისიისა და შემდგომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ არ წარმოქმნას კითხვის ნიშნები შერჩევის პროცესის ობიექტურობასთან დაკავშირებით.

ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევად ბოლო კონკურსი 2019 წელს ჩატარდა, კერძოდ, პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევად ღია კონკურსი 2019 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა. პრეზიდენტის განკარგულებით ასევე დამტკიცდა საკონკურსო კომისიის დებულება და ღია კონკურსის ჩატარების წესი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG