Accessibility links

„დიდი ოცეულის“ ვიდეოკონფერენცია ჩინეთსა და აშშ-ს შორის უთანხმოების გამო არ შედგა


„დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების ვიდეოკონფერენცია არ შედგა. ამის მიზეზი გახდა ჩინეთსა და აშშ-ს შორის უთანხმოება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მუშაობის შეფასებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას South China Morning Post-ი ავრცელებს წყაროზე დაყრდნობით.

გაზეთის თანახმად, აშშ ითხოვდა, რომ WHO-ს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა საწყის ეტაპზე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ინფორმაციის მიხედით, ჩინეთი კატეგორიულად შეეწინააღმდეგა ამ საკითხის განხილვას. ამის შედეგად შეხვედრა უკანასკნელ მომენტში ჩაიშალა. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ვიდეოკონფერენცია მაინც შედგება უახლოეს მომავალში.

15 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ WHO-ს დაფინანსებას უწყვეტს. თეთრმა სახლმა ორგანიზაციას ბრალი დასდო კორონავირუსის ინფექციის თაობაზე ჩინეთის მიერ წარმოდგენილი არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში. ტრამპის თქმით, იანვრის ბოლოს WHO-ის ხელმძღვანელობა გამოვიდა აშშ-ის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულიყო კორონავირუსის ეპიდემიის საწყის ეტაპზე. ტრამპის აზრით, ამით ხელიდან იქნა გაშვებული პანდემიის განვითარების დასაწყისშივე შეჩერების შესაძლებლობა.

ვაშინგტონი WHO-ს ყოველწლიურად უხდის, სულ მცირე, 400 მილიონ დოლარს.

კორონავირუსის გავრცელება გასული წლის ბოლოს დაიწყო ჩინეთში და შემდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანას მოედო. ამჟამად ინფიცირების დადგენილი შემთხვევების რიცხვი 2,8 მილიონს აჭარბებს. აქედან გარდაიცვალა 198 ათასამდე ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG