Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: გეგმაში გვაქვს, მომავალი კვირის ბოლოს დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყნაში გაფართოებული ტესტირება ერთი კვირის წინ დაიწყო და ის ყოველდღიურ რეჟიმში ფართოვდება. გეგმაში გვაქვს, რომ იქითა კვირის ბოლოს, დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ და შემდეგ უკვე, მაისის შუა რიცხვებში შეიძლება, 2000-ზეც გვქონდეს საუბარი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„სიტყვა აგრესიულს არ ვიყენებ, გაფართოვებულ ტესტირებას ვამბობ - რეკომენდაციაა, რომ ყველა ქვეყანაში, რომელიც გარკვეულწილად მოჭერით, საკარანტინო ღონისძიებებს არბილებს და იცით, რომ ეს საქართველომაც დაიწყო, ძალიან მნიშვნელოვანია პარალელურად ორი მიმართულება იყოს. ერთი - PCR ტექნოლოგიებით ტესტირება გაფართოვდეს, ანუ მეტი მოსახლეობა მოვიცვათ და მეტი ე.წ. შესაძლო შემთხვევები, მეტი რისკჯგუფები გამოვავლინოთ, და მეორე, ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაში იყოს, რომ ყველა გამოვლენილ შემთხვევას დროულად უმკურნალონ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი განმარტებით, ტესტირების რაოდენობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად იზრდება:

„ანუ ყოველდღიურად ვუმატებთ ყოველდღიური ტესტირებების რაოდენობას. თავიდან, თუ ტესტირება 3 ლაბორატორიაში ტარდებოდა, მერე 2 დავამატეთ. გუშინწინ, გუშინ კიდევ 5 დავამატეთ. თუმცა, ჯერჯერობით მაინც ძირითადი დაწოლა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ამ ლაბორატორიაზეა. ახლა უკვე 10 ლაბორატორია გვაქვს და თუ არ ვცდები, გუშინ, მაქსიმუმი გვქონდა.

920 გამოკვლევა ჩატარდა, მაგრამ იმის წინა დღეს 750-800-მდე იყო, იმის წინა დღეს - 700, ანუ ბოლო ერთი კვირაა PCR ტექნოლოგიებით გამოკვლევა ფართოვდება. განსაკუთრებული აქცენტი მაღალი რისკის ჯგუფზე - ჩემ კოლეგებზე გავაკეთეთ, რადგან 30-მდე სამედიცინო პერსონალი დაგვიზიანდა“, - უთხრა „ინტერპრესნიუსს“ ამირან გამყრელიძემ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ით გაიზარდა და 456 შეადგინა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი გაზრდა აგრესიულ ტესტირებას დაუკავშირა.

25 აპრილის საღამოსთვის გამოჯანმრთელებულია 139 ინფიცირებული, გარდაცვლილია 5.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG