Accessibility links

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სამ მილიონს უახლოვდება, ზოგან აკრძალვებს ამსუბუქებენ


ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ექვსკვირიანი პაუზის შემდეგ 26 აპრილს ბავშვებს პირველად ეძლევათ გარეთ გასვლის საშუალება, მას შემდეგ, რაც ესპანეთმა ევროპის რიგი სხვა ქვეყნების მსგავსად დაიწყო კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი საკარანტინო ზომების შემსუბუქება.

სანჩესის თქმით, ბავშვებს ერთი საათით შეეძლებათ გასეირნება უფროსების ზედამხედველობით, მაგრამ ისინი სახლიდან ერთი კილომეტრის რადიუსში უნდა იმყოფებოდნენ.

ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ დაწყებულია საკარანტინო ზომების შემსუბუქება, თუმცა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აკრძალვების ძალზე ადრე მოხსნამ შესაძლოა ვირუსის ახალი ტალღა გამოიწვიოს.

ზომების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებენ მას შემდეგ, რაც ზოგიერთ ქვეყანაში კლება იწყო COVID-19-ით სიკვდილიანობამ.

ჩინეთმა განაცხადა, რომ 26 აპრილს დადასტურებულია ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა და რომ არ არის ახალი გარდაცვლილები. 11 ახალი შემთხვევიდან ხუთი გამოვლინდა რუსეთთან მოსაზღვრე ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში.

შეზღუდვები შეამსუბუქეს ასევე აშშ-ის რამდენიმე შტატში. ხალხს მიეცა პლაჟებზე, სპორტულ დარბაზებსა და საპარიკმახეროებში სიარულის უფლება.

ამ მომენტისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამ მილიონს უახლოვდება. გარდაცვლილთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG