Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: სახლში დარჩენა მეზობლებთან ქეიფს არ ნიშნავს - ქალაქებში გაითვალისწინეს, სოფლებში - არა


Georgia -- Paata Imnadze
Georgia -- Paata Imnadze

პაატა იმნაძე განუმარტავს მოსახლეობას, რომ სახლში დარჩენა საკუთარ სახლში დარჩენას ნიშნავს და, ვთქვათ - არა მეზობლებთან სიარულს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის მოადგილემ 26 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეკომენდაციები სათანადოდ არ გაითვალისწინეს სოფლად მცხოვრებმა ადამიანებმა.

​„ჩვენი ქალაქების მოსახლეობამ მაქსიმალურად შეასრულა ჩვენი რეკომენდაციები. მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სოფლის მოსახლეობამ, სამწუხაროდ, (არ გაითვალისწინა) იმ დღეების განმავლობაში, როდესაც ჩვენ მოვუწოდებდით მათ, რომ: სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში გადასვლას საქეიფოდ, სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეგობრებში გადასვლას საქეიფოდ, სახლში დარჩენა ნიშნავს სახლში დარჩენას, საკუთარ სახლში დარჩენას...

სამწუხარო შედეგებს დღეს ჩვენ ვიმკით... ძირითადად ეს ხდება ბოლნისის რაიონში. სამწუხაროდ, არის შემთხვევები თეთრიწყაროშიც - (ინფიცირებული არიან) ჩვენი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი და იქ მიმდინარეობს გაღრმავებული კვლევა, თუ რა პირობებში მოხდა მათი დასნებოვნება - პროფესიულ პირობებში თუ საყოფაცხოვრებო პირობებში“, - განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, ბოლო დღეებში გამოვლენილი შედარებით მაღალი მაჩვენებლები საგანგაშო არ არის და ვითარების ეფექტიან მართვაზე მიუთითებს.

„თვეების განმავლობაში ჩვენ მაქიმალურად შევძელით ის, რომ გავრცელება ქვეყანაში არ ყოფილიყო ნახტომისებური, ზვავისებური და ნელ-ნელა მომატებოდა შემთხვევათა რიცხვი... პრაქტიკულად, ჯერჯერობით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ეს შევძელით. როგორც ხედავთ, ბოლო ორი დღეა, მატებაა - 25 და 29... დიდი იმედი გვაქვს, რომ მატება ასეთივე ტემპით გაგრძელდება“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილემ.

26 აპრილის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 29-ით გაიზარდა და ამჟამად 485-ს შეადგენს. 26 აპრილს გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი და გარდაცვლილთა მაჩვენებელი ექვსს გაუტოლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG