Accessibility links

პაატა იმნაძე: წესით, დაავადების გავრცელების პიკში ვართ


ამჟამად ჩვენ წესით COVID19-ით ავადობის პიკში ვართ - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ 26 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, მთავარ ამოცანას ახლა პლატოზე შენარჩუნება წარმოადგენს.

„ამას ჩვენ საკმაო ხანია ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო კვირა და მაისის დასაწყისი, ყველა გათვლით, უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ავადობის პიკი. ძალიან დიდი ბოდიში იმასთან, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით და არის ათეულობით შემთხვევა...

კი, ახლა ჩვენ, წესით, პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს პიკი რაც შეიძლება მეტი ხანი დავიჭიროთ, ასე ვთქვათ - პლატოზე და როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ კარგად თქვა - ჯომოლუნგმა რომ არ იყოს და იყოს პატარა გორაკი“, - განაცხადა იმნაძემ

ბოლო დღეებში დადასტურებული შემთხვევების მატებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის მოადგილე უკავშირებს იმ ფაქტს, რომ ქალაქებისგან განსხვავებით, რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს რეგიონებში.

„სამწუხაროდ, ის, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი შემთხვევების მატება და გვაქვს შემთხვევების მატება იქ, სადაც ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ათი დღის წინ არ იყო დაცული ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ გვქონდა გაცემული... ჩემი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა საფლავებზე გასვლას და ასე ვთქვათ - დღესასწაულების აღნიშვნას სუფრებზე... ვიმკით იმ შედეგს, რაც გვაქვს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

26 აპრილის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 29-ით გაიზარდა და ამჟამად 485-ს შეადგენს. 26 აპრილს გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი და გარდაცვლილთა მაჩვენებელი ექვსს გაუტოლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG