Accessibility links

site logo site logo

საქართველოში შეზღუდვების ნაწილი იხსნება - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 აპრილს


რა იქნება დასაშვები დღეიდან?

27 აპრილიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსით გადაადგილება. დღეიდან სრულად დაშვებულია ონლაინვაჭრობაც. შეგეძლებათ ისარგებლოთ მიტანის მომსახურებით ნებისმიერ პროდუქტზე და გაიხსნება ღია ტიპის აგრარული ბაზრები.

კვირის ჩათვლით მოქმედი შეზღუდვები დღეიდან მოიხსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

წაიკითხე მეტი.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

დადასტურებული შემთხვევა - 485

გარდაცვლილი - 6

გამოჯანმრთელებული - 149

კარანტინში - 4833

სტაციონარში - 578

კვირას საქართველოში კორონავირუსის შედეგად კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. გარდაცვლილი მამაკაცი 83 წლის იყო. საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, მას ქრონიკული პათოლოგიები ჰქონდა გულის უკმარისობითა და მოციმციმე არითმიით.

საქართველოში ამჟამად 485 რეგისტრირებული შემთხვევაა. აქედან 149 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

გუშინ მკაცრი კარანტინის ზონებს თეთრიწყაროც შეუერთდა. ქალაქში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც დიდი ნაწილი მედპერსონალია.

წაიკითხე მეტი.

გაშიფრულია 40 კილო „ჰეროინის“ საქართველოს გავლით ტრანსპორტირების სქემა

სომხეთიდან საქართველოში და საქართველოდან ევროპის ქვეყნებისკენ - ასეთია მარშრუტი 40 კილოგრამამდე „ჰეროინისა“, რომელთან დაკავშირებული სპეცოპერაციაც 26 აპრილს, ბათუმში, ბულგარეთის 2 მოქალაქის დაკავებით დასრულდა.

ამოღებული ნარკოტიკული საშუალების საერთო ფასი დაახლოებით 2 მილიონ დოლარს შეადგენს.

გამოძიების ინფორმაციით, ბულგარეთის მოქალაქეებმა, ბრალდებულებმა (დ.მ.-მ და ვ.ც.) დიდი ოდენობით „ჰეროინი“ სომხეთის რესპუბლიკიდან „მსუბუქ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის მეშვეობით“ შემოიტანეს.

ნარკოტიკული საშუალება ინახებოდა ბათუმში, ბრალდებულების დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილ სამალავში და, პარალელურად, ორგანიზატორები მუშაობდნენ ევროპაში გადაზიდვის გეგმაზე.

წაიკითხე მეტი.

ვარშავიდან თბილისში საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან

დღეს ვარშავა-თბილისის ავიარეისი შესრულდება. ფრენას Georgian Airways-ის თვითმფრინავი შეასრულებს. საქართველოს მოქალაქეები ჩამოფრენის შემდეგ სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარებიან, რომელიც ორ კვირას გრძელდება.

თვის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ ერთი რეისის შესრულება, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეები შინ დაბრუნებას შეძლებენ. 30 აპრილს მადრიდი-თბილისის რეისია დაგეგმილი. რეისების განრიგი საკოორდინაციო საბჭოს მიერაა განსაზღვრული.

ნიდერლანდის ორ ფერმაში COVID-19-ით ცხოველების დაავადება დადასტურდა

ნიდერლანდში, წაულას ორ ფერმაში ჩატარებულმა ტესტმა COVID-19-ით ცხოველების დაავადება გამოავლინა, იტყობინება Associated Press-ი.

კვირას ნიდერლანდის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ მანამდე ორი ფერმის რამდენიმე თანამშრომელს შეენიშნებოდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების სიმპტომები. სამინისტროს თანახმად, ამიტომ „სავარაუდოა, რომ ეს არის ადამიანიდან ცხოველზე ინფექციის გადასვლის შემთხვევები“.

ხელისუფლება ჩრდილოეთ ბრაბანტის რეგიონში მდებარე ფერმების გარშემო 400 მეტრის რადიუსით კეტავს გზებს უსაფრთხოების მოსაზრებებით. ნიდერლანდის მასშტაბით კორონავირუსი ამ რეგიონში ყველაზე მეტად არის გავრცელებული.

წაიკითხე მეტი.

11 მაისს რეცხავ მანქანას, 25 მაისს ყრი დახეულ ფლოსტებს, 8 ივნისს იჭრი თმას

თუკი ყველაფერი ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით წარიმართა და თუკი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, მაშინ შეგვიძლია მთავრობის მიერ წარმოდგენილი ექვსეტაპიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად, ორ-ორკვირიანი ინტერვალებით მოხსნას, დაახლოებით სამთვიან კალენდრად ვაქციოთ და ის საქმიანობები დავგეგმოთ, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, უკვე თვეზე მეტია შეზღუდული გვაქვს. იქნება ეს დაზიანებული ტექნიკის შეკეთება, სილამაზის სალონში სტუმრობა, ტანსაცმლის შეძენა, ავტომობილის გარეცხვა თუ ა.შ.

როდის იქნება შესაძლებელი თმის შეჭრა, როდიდან შევძლებთ სავაჭრო ცენტრებში წასვლას, როდის გაიხსნება რესტორნები და როდის განახლდება ღონისძიებები, სრული განრიგი წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

  • საგანგებო მდგომარეობა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - ზრუნვა და დასჯა.
  • ხელისუფლება თავის მოქალაქეებზე კონტროლს აძლიერებს. აფრთხილებს და აჯარიმებს მათ. კომენდანტის საათს „ფაქტობრივად კომენდანტის საათს“ უწოდებს.
  • როგორ იცვლებოდა თვალთვალის ფორმები და რატომ აწყობდა ყოველთვის ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობა?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG