Accessibility links

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მოვალეობის შესრულებას უბრუნდება


კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაბრუნდა ლონდონში, მთავრობის მეთაურის ოფიციალურ რეზიდენციაში და დღეიდან, 27 აპრილიდან გააგრძელებს მოვალეობების შესრულებას.

55 წლის ბორის ჯონსონს COVID-19 მარტის ბოლოს დაუდასტურდა და პირველი ათი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მდგომარეობის გაუარესების გამო, 5 აპრილს გადაიყვანეს სენ-ტომასის კლინიკაში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. საავადმყოფოდნ გაწერის შემდეგ, ჯონსონი ლონდონის მახლობლად მდებარე რეზიდენციაში იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრის ავადმყოფობის გამო, მთავრობის მეთაურის მოვალეობას დროებით ასრულებდა საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი.

ბრიტანული გაზეთი „ტელეგრაფი“ წერს, რომ ბორის ჯონსონი კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედი კარანტინის ეტაპობრივად შემსუბუქების გეგმას წარმოადგენს.

გაერთიანებულ სამეფოში ბოლო ორი დღის განმავლობაში მცირედით იკლო კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მაჩვენებლმა და თითქმის განახევრდა გარდაცვლილთა რიცხვი.

27 აპრილის დილის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში საერთო ჯამში, დაავადდა 152 ათასზე მეტი ადამიანი და 20 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG