Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაია: ძალიან გთხოვთ, სტატისტიკის მიმართ ეჭვები ნუ გაქვთ


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია უარყოფს, რომ საქართველო კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალურ მონაცემებს მალავს.

„გაყალბება ვერაფრით ვერ შეაჩერებს იმ პროცესს, რასაც ჰქვია კოვიდდაავადებული პაციენტების რაოდენობის მკვეთრი მატება და მასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა. შევხედოთ ევროპის ქვეყნებს და სხვა ქვეყნებს და ვნახოთ, რა მდგომარეობაში არიან“, - უთხრა დღეს, 27 აპრილს მედიას მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი გამოეხმაურა თავისი ამასწინანდელი განცხადების შემდეგ გამოთქმულ ეჭვებს, რომ საქართველო ე.წ. აგრესიული ტესტირების არჩატარებით ცდილობს მონაცემების გაყალბებას. ეზუგბაიამ 25 აპრილს თქვა, რომ ერთბაშად 25 ახალი შემთხვევის დადასტურება იყო აგრესიული კვლევის შედეგი, პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა: „ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აი, ასეთი აგრესიული ტესტირების გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება“.

„რატომ გებულობს ადამიანების ნაწილი, ჯგუფი ამას როგორც ფაქტს, არ ვიცი, მაგრამ მე გამოვხატე ჩემი სურვილი, რომ ქვეყანას თუ არ დაჭირდება განმეორებით და ხშირად აგრესიული ტესტირება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან დაავადების გავრცელება იქნება ისევ ზომიერად და კონტროლირებადი. მე განმარტება გავაკეთე აი, ამ მოცემულობასთან მიმართებაში და ვინ როგორ გაიგო, არ ვიცი“, - განაცხადა დღეს მარინა ეზუგბაიამ.

მისი შეფასებით, საქართველომ კორონავირუსის შეკავების პირველი ეტაპი, რომელიც 1 თებერვლიდან დაიწყო, „არაჩვეულებრივად, შესაშური შედეგით“ დაამთავრა: „როდესაც დაგვეწყო შიდა გავრცელება, რომელიც ძალიან რთული მოსაგვარებელი იყო, სახელმწიფომ სწორი, ადეკვატური ნაბიჯები გადადგა ყველა ჯერზე და მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობაც შესაბამისად, თანაბარზომიერად მიყვებოდა ამ სიტუაციას“.

ეზუგბაიას შეფასებით, შიდა გავრცელების პერიოდიც გრძელდება კონტროლირებადი, ზომიერი მატებით და არსებული სტატისტიკური მონაცემებიც აბსოლუტურად სწორია: „რატომ უჩნდებათ კითხვები ტელეჟურნალისტების რაღაც ნაწილ სივრცეს, რომ ეს არ არის სწორი მონაცემები, არის დამალული მონაცემები, არ ვიცი. ასე მგონია, რომ თითქოს სურვილი აქვთ, რომ მართლა მეტი იყოს“.

მარინა ეზუგბაია არსებულ სტატისტიკას საქართველოს გამარჯვებად აფასებს: „ეს ერთად უნდა გვიხაროდეს ყველას და ეჭვები, ძალიან გთხოვთ, ნუ შეგაქვთ ამ სტატისტიკურ მონაცემებში“.

ეზუგბაიას განმარტებით, ე.წ. აგრესიული ტესტირება სხვა მეთოდია და მიზნობრივ ჯგუფებში ჩატარებული დიდი მოცულობით ტესტირება - სხვა: „არასოდეს არავინ არ იძახის, რომ ეს არ არის საჭირო. ამას ვაკეთებთ ჩვენ“.

მარინა ეზუგბაიას თქმით, მან 25 აპრილს სწორედ ის იგულისხმა, რომ როცა დიდი მოცულობით ჩატარებული ტესტირებისას 25 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდება, ეს არის ძალიან ცოტა და ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა გამარჯვებულია.

27 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 496 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 149 გამოჯანმრთელდა. 6 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG