Accessibility links

სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის 3 თანამშრომლის შრომის უფლების დარღვევა დაადგინა


საქართველოს სახალხო დამცველმა დაასრულა აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძის და წამყვან-რეპორტიორის, თეონა ბაკურიძის შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევის საქმეთა შესწავლა.

„საქმის წარმოების ფარგლებში მოპოვებული მასალების, მათ შორის, მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების საგულდაგულოდ შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ამ პირთა დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლება/გადაყვანა საქართველოს შრომის კოდექსისა და აჭარის ტელევიზიის შრომის შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა“.

ნინო ლომჯარიამ 24 აპრილს, რეკომენდაციით მიმართა აჭარის მაუწყებლის დირექტორს, ბათილად ცნოს შორენა ღლონტის, მაია მერკვილაძისა და თეონა ბაკურიძის პირვანდელი პოზიციებიდან გათავისუფლების/გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანებები და უზრუნველყოს მათი შრომითი უფლებების აღდგენა.

სახალხო დამცველის შეფასებით, „გამოვლენილი უფლებადარღვევის ფაქტები კიდევ უფრო ამძაფრებს აჭარის ტელევიზიის თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობასთან დაკავშირებულ ეჭვებს, რომლებიც ტელეკომპანიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ გაჩნდა“.

აჭარის ტელევიზიის და რადიოს სამეურვეო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაუწყებლის დირექტორად 2019 წლის ნოემბერში არჩეულმა გიორგი კოხრეიძემ ბოლო თვეებში ხელშეკრულების პირობები შეუცვალა სინფორმაციო სამსახურის არაერთ ხელმძღვანელს და თანამშრომელს, რასაც ჟურნალისტების ნაწილი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად აფასებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG