Accessibility links

ზურა ჯაფარიძემ საგანმანათლებლო აქცია მოაწყო


საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული აკრძალვების საწინააღმდეგო საგანმანათლებლო აქცია გამართა პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ, პრეზიდენტის სასახლესთან.

მას ხელში მუყაოს ნაჭერი ეჭირა, წარწერით ილფისა და პეტროვის „12 სკამის“ კინოეკრანიზაციიდან, რაც, მისი განმარტებით, ისეთივე დამახინჯებული ფრანგულით წერია, როგორც პრეზიდენტი ლაპარაკობს ქართულად.

„აკრძალული მაქვს საპროტესტო აქციები, ერთი საპროტესტო აქციის გამო დამაჯარიმეს და მეორე საპროტესტო აქციის შემთხვევაში მემუქრება ციხე, ამიტომ ეს არ არის საპროტესტო აქცია, ეს არის საგანმამათლებლო აქცია, რომლის მიზანიცაა საქართველოს მოქალაქეებს გავაგებინო, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

მისი სიტყვებით, ამ ყველაფერში ბევრი ვინმეა დამნაშავე, მათ შორის ხელისუფლება, ვინაიდან ადამიანები შიმშილის ზღვარზე მიიყვანა ხელისუფლებამ „ბევრი იდიოტური აკრძალვის გამო“, რომელთა შორისაა კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა. მაგრამ, მისი განმარტებით, ხალხს ავიწყდება, რომ „ქალი, რომელიც აქ ჩამოვიდა დასასვენებლად და საპენსიო ასაკის გადასატარებლად, ეს ქალიც ერთ-ერთი დამნაშავეა, რადგან მისმა დეკრეტებმა მიიყვანა ადამიანები შიმშილის პირამდე“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

27 აპრილიდან საქართველოში მოიხსნა მსუბუქი ავტომანქანებით, მათ შორის, ტაქსით გადაადგილების აკრძალვა, რომელიც 17 აპრილიდან მოქმედებდა.

დღეიდან სრულად დაშვებულია საბითუმო და საცალო ონლაინვაჭრობა, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

ძალაში რჩება 22 მაისამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის, „კომენდანტის საათი“ საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 496 ადამიანი, 149 პაციენტი უკვე განიკურნა. 6 გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4833 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი გარდაცვალება 4 აპრილს დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG