Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავის გახსნილი ბაზარი დააჯარიმეს


თელავის აგრარული ბაზარი
თელავის აგრარული ბაზარი

თელავის აგრარულ ბაზარს რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ, ისევ დაკეტვა მოსთხოვეს. მიზეზად დასახელდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ნორმების დარღვევა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრის ადმინისტრაცია 3 ათასი ლარით დააჯარიმა.

ბაზრის დაკეტვამ მოვაჭრეთა პროტესტი გამოიწვია. "ამდენი ხორცი, ბოსტნეული და ხილი მოვიმარაგეთ. ვიცოდით, დღეიდან მუშაობა შეგვეძლო. 2000 ლარის ხორცი მაქვს მაცივარში, სად წავიღო? ვინ ამინაზღაურებს? არც ვიცით, როდემდე დაიკეტა. ვიცავდით წესებს და რეკომენდაციებს, თუმცა, როგორც ჩანს, ესენი დაგვცინიან", - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

ბაზრის დახურვას აპროტესტებს ადმინისტრაციაც. "რამდენიმე მოვაჭრეს პირბადე ნახევრად ეკეთა, ერთ მოვაჭრეს ხელთათმანი დაავიწყდა გაეკეთებინა, ამიტომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3-ათასლარიანი ჯარიმა დაგვიწერა. ვიცავდით წესებს, უტარდებოდათ თერმოსკრინინგი და იყო დაცული ყველა წესი, თუმცა მაინც დაგვხურეს", - განაცხადეს თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაში.

თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი ამბობს, რომ მოვაჭრეებს დღის ბოლომდე ექნებათ პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა, რის შემდეგაც ბაზარი დაიკეტება. როდემდე, მერი ვერ აკონკრეტებს.

დღეიდან საქართველოში მოიხსნა კორონავირუსის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა. მათ შორის, მუშაობის განახლების უფლება მიეცათ ღია აგრარულ ბაზრებს, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით. მათ შორისაა პირბადის და ხელთათმანის ტარება, დისტანციის დაცვა და მოვაჭრეთა თერმოსკრინინგი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG