Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს მიმართავს, გააზრებულად გამოიყენონ შეზღუდვების შემსუბუქება


„ჩვენმა მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც COVID-19-თან ბრძოლაში გამარჯვება“, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი სიტყვებით, შეზღუდვების შემსუბუქება მხოლოდ ეტაპი და შესაძლებლობაა, რომელიც გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ: „ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება, ყველამ უნდა უზრუნველყვოთ მაქსიმალური სიფრთხილე იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში არ გავრცელდეს COVID-19“.

დღეს დილიდან საქართველოში მოიხსნა მსუბუქი ავტომანქანებით, მათ შორის, ტაქსით გადაადგილების აკრძალვა. ისევ ნებადართული გახდა საბითუმო და საცალო ონლაინვაჭრობა, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. ამასთან, დაცული უნდა იყოს COVID-19-ის პანდემიის პირობებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები და მოთხოვნები.

ძალაში რჩება 22 მაისამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის, „კომენდანტის საათი“ საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე.

საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს წარმოადგინა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა, რომელიც 2-2 კვირიან შუალედებს მოიცავს. ამასთან, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოხდეს როგორც უკვე გაუქმებული შეზღუდვების აღდგენა, ისე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადის გადახედვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG