Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ილაპარაკა „ფეისბუკზე“ პირდაპირ ეთერში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მიღებული ზომების შემსუბუქების შესახებ.

„ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ საქართველოში კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ და ახლა ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდა. არა, ბატონებო, კარგი ტერმინი დამკვიდრდა: უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ისე, რომ მისგან, რაც შეიძლება, მინიმალური ზიანი მივიღოთ“, - ამბობს გამყრელიძე.

NCDC-ს ხელმძღვანელმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების ვადას ეხებოდა. „ზომების შემსუბუქება უნდა იყოს ეტაპობრივი. გითხარით, რომ საქართველოს მთავრობამ ექვსი ეტაპი გაწერა, 2-2-კვირიანი ინტერვალით. ერთ-ერთ ეტაპზე აუცილებლად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე. ეს ახალი ველოსიპედი არ არის. ასე აკეთებს ყველა ის ქვეყანა, რომელიც ზომების შემსუბუქებაზე გადავიდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ერთ-ერთი იქნება ადრეულ ეტაპზე, მაგრამ მანამდე ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ. ჩვენ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც იძლევა სახელმწიფო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, უნდა დავიცვათ. ყველაზე მთავარი გახლავთ სოციალური დისტანცირება, საზოგადოებრივი და პირადი ჰიგიენის მაქსიმალური დაცვა. ადამიანების არშეჯგუფება, დიდი თავყრილობების არგამართვა და ა.შ.“, - ამბობს გამყრელიძე.

24 აპრილს მთავრობამ ექვსეტაპიანი გეგმა წარმოადგინა, რომელიც გულისხმობს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად, ორ-ორკვირიანი ინტერვალებით მოხსნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG