Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ სირიაზე ისრაელის თავდასხმას ემსხვერპლნენ ირანის მომხრე მებრძოლები და სამოქალაქო პირები


ჯგუფი, რომელიც სირიის კონფლიქტს ადევნებს თვალს, იუწყება, რომ ირანის მომხრე ოთხი გასამხედროებული პირი და სამი სამოქალაქო პირი ემსხვერპლნენ სირიის დედაქალაქ დამასკის სამხრეთ შემოგარენზე ისრაელის სარაკეტო თავდასხმას.

ბრიტანეთში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის განცხადებით, ისრაელის მიერ 27 აპრილს, დილით ადრე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების სამიზნე იყო ირანის და მისი რეგიონული მოკავშირეების პოზიციები, და იერიშს ოთხი შეიარაღებული პირი ემსხვერპლა. ობსერვატორია და სირიის სახელმწიფო მედია, SANA, ასევე იუწყებიან, რომ სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ სახლებზე ჭურვების ნაწილების დაცემის შედეგად. ჯერჯერობით გაურკვეველია, ეს ნაწილები ისრაელის თავდასხმიდან იყო თუ სირიის მხრიდან საპასუხოდ ნასროლი რაკეტებიდან.

უფრო ადრე, SANA იუწყებოდა, რომ "ისრაელის აგრესია" წამოვიდა ლიბანის საჰაერო სივრციდან და სირიის საჰაერო თავდაცვამ "რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო მანამ, სანამ ისინი სამიზნეებს მიაღწევდა". სირიის სახელმწიფო მედია რეგულარულად აზვიადებს ქვეყნის თავდაცვის ძალების წარმატებას ისრაელის საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში.

ისრაელის სამხედრო უწყება, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებს თავის ოპერაციებზე, თუმცა ბოლო წლებში მან სირიაში განახორციელა ასობით იერიში, რომელთა სამიზნე იყო ირანის ძალები, სირიის სამთავრობო პოზიციები და ლიბანური გასამხედროებული ჯგუფი, ჰესბოლა. ისრაელი აცხადებს, რომ ირანს საშუალებას არ მისცემს, ფეხი მოიკიდოს სირიაში და არ დაუშვებს მაღალტექნოლოგიური იარაღის მიწოდებას ჰესბოლასთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG