Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპისთვის კიმ ჩენ ინის მდგომარეობა ცნობილია, მაგრამ არ იტყვის


აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მდგომარეობა, მაგრამ ამაზე საჯაროდ ლაპარაკს არ აპირებს.

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს ჰკითხეს თეთრ სახლში 27 აპრილს გამართულ ბრიფინგზე. აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ სიტუაციას ძალიან კარგად იცნობს, მაგრამ ამაზე ვერ ისაუბრებს და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ყოველივე საუკეთესოს უსურვებს.

დონალდ ტრამპის თქმით, მას კიმ ჩენ ინთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, მისი მდგომარეობა იცის და იმედია, რომ ყველაფერი კარგადაა. ტრამპის განცხადებით, ის რომ პრეზიდენტი არ ყოფილიყო, აშშ და ჩრდილოეთ კორეა ომის მდგომარეობაში იქნებოდნენ.

11 აპრილის შემდეგ კიმ ჩენ ინი საჯაროდ აღარ გამოჩენილა, რამაც არაერთი ვერსია წარმოშვა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, კორონავირუსის გამო თვითიზოლაცია, რაკეტის წარუმატებელი გამოცდის დროს მიყენებული ჭრილობა და სიკვდილიც კი.

ეჭვები მას შემდეგ გამოითქვა, რაც 15 აპრილს, კიმ ჩენ ინი არ დაესწრო ბაბუის, ჩრდილოეთ კორეის დამაარსებლის, კიმ ირ სენის დაბადებიდან 108-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ფხენიანი ეჭვებზე არ რეაგირებს. სახელმწიფო ტელევიზია პერიოდულად მხოლოდ იმას იუწყება, რომ კიმ ჩენ ინი სახელმწიფო საქმეებითაა დაკავებული.

26 აპრილს, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით უარყო, რომ კიმ ჩენ ინი ავადაა. სეულში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეაში არანაირი უჩვეულო მოვლენები არ შეინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG