Accessibility links

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 28 დღეში 17 მლნ ლარზე მეტის ჯარიმა გამოიწერა


საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის პოლიციამ 28 დღეში 17 025 000 ლარის ჯარიმა გამოიწერა. 31 მარტიდან 28 აპრილამდე არსებული მონაცემები რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დააჯამა.

ამ დროის განმავლობაში ჯამში 5 639 ჯარიმიდან ყველაზე მეტი (2 567) კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოიწერა. შედარებით ნაკლები ადამიანი დაჯარიმდა ავტომობილით მოძრაობის წესების დარღვევისა (1 669) და სოციალური დისტანციისა და შეკრების წესის დარღვევისთვის (1 310). იზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯამში 70 ადამიანს გამოუწერეს საჯარიმო ქვითარი, 14 ფიზიკურ პირს ეკონომიკური საქმიანობისთვის. ეკონომიკური საქმიანობისთვის დაჯარიმდა 9 იურიდიული პირიც.

საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის მიხედვით მოქალაქის 3 000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 15 ათასი ლარით. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია 21:00 საათიდან 06:00 საათამდე სახლიდან გასვლა, 3 პირზე მეტის მანქანით გადაყვანა, 3 პირზე მეტის შეკრება ანდა ერთმანეთს შორის ორმეტრიანი დისტანციის დარღვევა, თვითიზოლაციისა და იზოლაციის წესების დარღვევა. გარდა ამისა, მოქალაქე ჯარიმდება უნებართვო ეკონომიკური საქმიანობისთვის, სანქციაა გათვალისწინებული იურიდიული პირებისთვისაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG