Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან რატიანის თქმით, კლინიკის მედპერსონალის ტესტირების შედეგები მხოლოდ უარყოფითი იყო


თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განმარტებით, გუშინ, 27 აპრილს კლინიკის მედპერსონალს ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ კლინიკის არც ერთი თანამშრომელი არ არის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული:

„გუშინ ჩატარდა ტესტირება PCR-ით და არა ანტისხეულებით ჩვენი კლინიკის თანამშრომლებზე, რომლებსაც გეგმიურად ეკუთვნოდათ და ძალიან გვიხარია, რომ არც ერთი შემთხვევა არ არის დადებითი და ყველა უარყოფითია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, ამ დროისათვის თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 86 პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 რეანიმაციულ განყოფილებაშია და 1-ის მდგომარეობაა კრიტიკულად მძიმე. იგი მართვით სუნთქვაზე რჩება.

ლევან რატიანის თანახმად, დღის მეორე ნახევარში ლუგარის ლაბორატორიიდან 16 პაციენტის განმეორებითი ტესტირების პასუხებს ელოდებიან.

„ალბათ 15-16 პაციენტი დატოვებს კლინიკას იმ შემთხვევაში, თუ უარყოფითი პასუხები მოვიდა“, - უთხრა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა.

გასული ღამის შემდეგ, საქართველოში 497-დან 511-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი.

საერთო ჯამში, 511 დადასტურებული შემთხვევიდან ​156 გამოჯანმრთელებულია. 6 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG