Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფლიქტების და კატასტროფების გამო, მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალია იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი


2019 წელს, კონფლიქტების და ბუნებრივი კატასტროფების გამო თავიანთ ქვეყნებში 33,4 მილიონამდე ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად და მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად, - იუწყებიან სადამკვირვებლო ჯგუფები 28 აპრილს.

შარშანდელი მონაცემების შედეგად, ათობით ქვეყანაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების საერთო რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალია და 50,8 მილიონს აღწევს, - აცხადებენ იძულებით გადაადგილების სადამკვირვებლო ცენტრი და ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო. იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა უფრო მაღალია, ვიდრე 26 მილიონამდე ლტოლვილის, რომლებმაც თავიანთი ქვეყნების საზღვრები გადაკვეთეს.

"იძულებით გადაადგილებული პირები ხშირად ძალიან მოწყვლადები არიან, ისინი ცხოვრობენ გადავსებულ ბანაკებში, სახელდახელო თავშესაფრებსა და დასახლებებში და მინიმალური ან არანაირი წვდომა არ აქვთ ჯანდაცვასთან", - აცხადებს იძულებით გადაადგილების სადამკვირვებლო ცენტრის დირექტორი, ალექსანდრა ბილაკი და დასძენს, რომ კორონავირუსის გლობალური პანდემია მათი მოწყვლადობის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის.

გასულ წელს 24,9 მილიონამდე ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად ბუნებრივი კატასტროფების გამო, მათ შორის, ციკლონების ინდოეთში, ბანგლადეშში, მოზამბიკსა და ბაჰამის კუნძულებზე. აფრიკაში წყალდიდობის გამო გაჩნდა 2 მილიონი ახალი იძულებით გადაადგილებული პირი. 8,5 მილიონამდე ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა კონფლიქტის და ძალადობის შედეგად, მათ შორის, ავღანეთში, სირიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ეთიოპიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG