Accessibility links

თენგიზ ცერცვაძე: დაგროვდა საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ გაიდლაინში ცვლილებები შევიტანოთ


COVID-19-ის მკურნალობის პროცესში, საქართველოში უკვე დაგროვდა საკმარისი გამოცდილება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სახელმძღვანელო პრინციპებში ცვლილებების შეტანა. ამის შესახებ კლინიკური იმუნოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრთან კლინიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.

ცერცვაძის შეფასებით, საქართველოს, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კარგი მდგომარეობა აქვს ინფიცირებულთა რაოდენობით და კიდევ უფრო კარგი მაჩვენებელი გარდაცვალების მხრივ, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს, რომ მკურნალობა და პაციენტების მოვლა სწორია.

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში 10 კლინიკა ერთიანი მიდგომით ახდენს დიაგნოსტიკას და მკურნალობას, თუმცა, თითოეული პაციენტის მკურნალობა ინდივიდუალურად ხდება: „იმიტომ, რომ კოვიდი ძალიან მრავალსახოვანი დაავადებაა, ახალია, ბევრი ისეთი თვისება აღმოაჩნდა და ისეთი გართულებები, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი მსოფლიოში ექიმებისთვის და გვიხდება გზადაგზა მივიღოთ სერიოზული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ჯერჯერობით, როგორც ხედავთ, დიდი წარმატებით“.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ძირითად სამკურნალო მედიკამენტად რჩება „პლაქველინი“, რადგან მიუხედავად ბოლოდროინდელი შენიშვნებისა, რომ შესაძლოა, არაეფექტური იყოს, დღემდე აღიარებულია აშშ-ის წამლის და საკვები პროდუქტების სააგენტოს მიერ და მას რომელიმე სხვა მედიკამენტისთვის რეკომენდაცია ჯერჯერობით არ გაუწევია.

შესაბამისად, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო თავის გაიდლაინში ამ მიმართულებით შესწორებას შეიტანს მხოლოდ ამერიკული სააგენტოს რეკომენდაციის მიხედვით.

ცერცვაძის განცხადებით, „პლაქველინის“, მათ შორის, მისი პროფილაქტიკის მიზნით გამოყენების შესახებ მასშტაბურ კვლევას ატარებს შვეიცარია და თუ ამან დადებითი შედეგი მოიტანა, ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, მინისტრთან კლინიკური ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს მკურნალობის მეთოდები, მათ შორის, ინოვაციური, რომელსაც დღეს ქართველი ექიმები იყენებენ და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს: „ამ მხრივ უკვე დაგროვდა საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ გაიდლაინში ცვლილებები შევიტანოთ და უახლოეს დროში იქნება შეტანილი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG